სიახლეები

ევროკავშირის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა ცენტრი აქციების მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

19.09.2023
ფონტის ზომა
თბილისი, 19 სექტემბერი 2023 - ევროკავშირის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა აქციების მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც დეტალურად ასახავს თბილისში სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების თუ სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებული შეკრებების მონიტორინგის შედეგებს.

მონიტორინგი განხორციელდა 2023 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში პროექტის - „ადამიანის უფლებებზე მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები დააკვირდნენ 9 სხვადასხვა აქციას, მათ შორის: 7-8 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას, ნაციონალური მოძრაობის აქციას - „ერთად ევროპაში“, გია გაჩეჩილაძის და ზაზა პაპუაშვილის აქციას - „მოვდივარ!“ ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციას და სხვა შეკრებებს თუ მანიფესტაციებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე თვალშისაცემი დარღვევა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. კერძოდ, პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი აქციის დასაშლელად. ამასთან, პოლიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, დაარღვიეს საპროცესო კანონმდებლობა, აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავებისას.

საანგარიშო პერიოდში, აქციის ორგანიზატორებს, ძირითადად, ჰქონდათ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, სულ მცირე, 3 შემთხვევაში: 7 მარტის, 8-9 მარტის და ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სადაც, გამოიკვეთა პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და კანონმდებლობის ფორმალური ნაწილების დარღვევის ფაქტები.

მონიტორებს შეფასებით, ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციების შემთხვევაში, პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და უსაფუძვლოდ დააკავა როგორც აქციის ორგანიზატორი, ისე - ადგილზე მყოფი ერთ-ერთი აქტივისტი. ამასთან, საკუთრების - კარვის ჩამორთმევა მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით.

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, კვლავ პრობლემურია,სამართალდამცავების მხრიდან, აქციის დაშლისას, შეკრების მონაწილეთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევისა და აქციაზე დაკავებული პირების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა.

ანგარიშს თან ახლავს რეკომენდაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის მიმართ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შსს-ს, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლებას და გაუმართლებლად არ ჩაერიოს ამ უფლებით დაცულ სფეროში; არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა შსს-ს თანამშრომლების მიერ; უზრუნველყოს შსს-ს თანამშრომლების მიერ აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლის შესაბამისობა ეროვნულ კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან - მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპის შესაბამისად, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ადამიანის უფლებათა ცენტრის რეკომენდაციით, სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტების, აქტივისტების და აქციის მონაწილეების მიმართ ჩადენილ ძალადობასთან ანდა არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული შემთხვევების დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ადვოკატირებას და მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, გაითვალისწინონ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციები და ითანამშრომლონ თითოეული მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

თამარ თორდინავა
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ადამიანის უფლებათა ცენტრი
<58>tordinava.hrc@gmail.com
+995 599 877 810
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...