სიახლეები

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ თავდაცვის კოდექსით დადგენილ მოწესრიგებას დისკრიმინაციულად და არაკონსტიტუციურად მიიჩნევს

23.09.2023
ფონტის ზომა
 
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ ეხმიანება 2023 წლის 21 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ თავდაცვის კოდექსისა და კოდექსთან დაკავშირებული კანონპროექტების მიღებას მე-3 მოსმენით. პლატფორმა მიიჩნევს, რომ მიღებული ცვლილებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა სტანდარტებს.

პლატფორმის პოზიციით, საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილი მოწესრიგება დისკრიმინაციულია. კერძოდ, ცვლილებების შედეგად, მღვთელთმსახურობა და სასულიერო სასწავლებელში სწავლა აღარ არის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი,  ხოლო არასამხედრო, ალტერნატიულ შრომითი სამსახურს ექვემდებარებიან სასულიერო პირები.  აღნიშნული მოწესრიგება არ ვრცელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებზე, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით, ანუ უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტით გათავისუფლებული არიან როგორც სამხედრო, ისე ალტერნატიული სამსახურისგან. შესაბამისად, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები წარმოქმნის განსხვავებულ მოპყრობას, ერთი მხრივ, სამხედრო ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლებულ მართმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებსა და, მეორე მხრივ, ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციის/გაერთიანების სასულიერო პირებს შორის, რომლებსაც ევალებათ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა. პლატფორმის პოზიციით, აღნიშნული განსხვავებული მოპყრობა გაუმართლებელია, რადგან, კონსტიტუციური სტანდარტის საწინააღმდეგოდ, არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. შესაბამისად, ირღვევა კონსტიტუციით დაცული თანასწორობის უფლება და საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს დისკრიმინაციულად ენიჭებათ პრივილეგია.

დისკრიმინაციული მიდგომის გარდა, საკანონმდებლო ცვლილებები პრობლემურია რელიგიის თავისუფლების, პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვის კუთხითაც, რამდენადაც, თავდაცვის კოდექსის მიხედვით, სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნით, რეზერვის ელექტრონულ სისტემაში შეიტანება ინფორმაცია პირის აღმსარებლობისა და მღვდელთმსახურობის შესახებ, ანუ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი.  ამ ინფორმაციის იძულებით, სავალდებულო წესით გამჟღავნების შემთხვევაში დაირღვევა როგორც რწმენისა და რელიგიის, ისე პირადი ცხოვრების თავისუფლება.

სამწუხაროა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში უკვე არსებული დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციური ნორმების (ტყის კოდექსის, საგადასახადო კოდექსის,  სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის რიგი ნორმები და სხვა) გაუქმების ნაცვლად, საქართველოს პარლამენტი ქმნის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შეუსაბამო ახალ მოწესრიგებას, რომელიც კიდევ უფრო აფართოებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგიათა წრეს. აშკარაა, რომ არ არსებობს პოლიტიკური  ნება, საქართველოში დაცული იყოს დემოკრატიული წესწყობილების ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა რელიგიური თანასწორობა და რელიგიის თავისუფლება. 
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • უფლებები საქართველო
  • თანასწორობის მოძრაობა
  • თბილისი პრაიდი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 
  • ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი 
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • საფარი
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით