სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შოვსა და გურიაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ

02.10.2023
ფონტის ზომა
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვეხმიანებით 2023 წლის აგვისტოში რაჭასა და 2023 წლის სექტემბერში გურიაში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებულ მოვლენებს და ვითხოვთ, ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება.

საქართველოში ბოლო 2 თვის განმავლობაში განვითარებულ ორ მასშტაბურ და დამანგრეველ სტიქიურ მოვლენას რაჭასა და გურიაში 40-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები და მათთან გასამკლავებლად ქვეყანაში არსებული არაეფექტური სისტემა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და განვითარებას. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებმა უნდა უპასუხონ რიგ მნიშვნელოვან შეკითხვებს, იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია რაჭისა და გურიის ტრაგედიები, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ ადამიანების უსაფრთხოება, შეიძლებოდა თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან არიდება, ვის უნდა დაეკისროს პასუხიმგებლობა და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ მსგავსი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად.

წარსულში განვითარებულმა მსგავსმა და ამ კონკრეტულმა შემთხვევებმა გამოავლინა, რომ ქვეყანაში არსებობს მთელი რიგი სისტემური პრობლემები სტიქიური მოვლენების ადრეული შეტყობინების სისტემის არარსებობის, მოვლენების მართვისა და სათანადო რეაგირების საკითხებთან მიმართებით. ამასთან, პრობლემურია მსგავსი ტიპის შემთხვევებზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების წარმოება, რაც სავსებით ობიექტურად იწვევს დაზარალებულებისა და საზოგადოების უნდობლობას. გამოძიების დაწყებისთანავე ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ დანაშაულს არ ჰქონია ადგილი, რაც იმთავითვე აჩენს კითხვებს გამოძიების შედეგების მიმართ. უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები არ ერიდებოდნენ შემთხვევის შედეგად დაზარალებულ პირებზე „თავდასხმას“ და მათი მონაყოლის ეჭვქვეშ დაყენებას.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, კერძოდ, საქართველოს მთავრობას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ონის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერიებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს პარლამენტს მოგვაწოდონ ამომწურავი პასუხები ყველა საკვანძო კითხვასთან დაკავშირებით, რათა სათანადოდ იქნეს გარემოებები შესწავლილი, გამოიკვეთოს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა და სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მსხვერპლი. ამასთან, მნიშვნელოვანია, გამოძიება წარიმართოს სწორი კვალიფიკაციით და იგი აწარმოოს გენერალურმა პროკურატურამ, მოხდეს დაზარალებულთა უფლებამონაცვლედ ცნობა და მათ მიეცეთ უფლებების ჯეროვანი რეალიზაციის შესაძლებლობა, მათ შორის, ადვოკატებს მიეცეთ საქმის მასალებზე სათანადო წვდომის შესაძლებლობა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს დროულად და პერიოდულად მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით. ამასთან, უნდა შეწყდეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია, მედია საშუალებებს კანონით დადგენილ ვადებში სრულად მიეცეთ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, შესწავლილ იქნეს ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ჩართო სტიქიური მოვლენების მართვასთან დაკავშირებით და დაიწყოს სისტემური მუშაობა სტიქიების ადრეული შეტყობინების სისტემების შექმნის მიზნით.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საფარი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით