სიახლეები

მართლმსაჯულების რეფორმა - დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის კოალიციის ხედვა

10.10.2023
ფონტის ზომა
წლების განმავლობაში გატარებული რეფორმის არაერთი ტალღის მიუხედავად, ქართული სასამართლო სისტემა კვლავ ფუნდამენტური გამოწვევების წინაშეა და ლეგიტიმაციისა და ნდობის მნიშვნელოვან კრიზისს განიცდის. 

აქამდე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მართლმსაჯულების ინსტიტუციური რეფორმის ფასადურ მცდელობად უნდა შეფასდეს, რომელმაც ვერ შეძლო ქართული რეალობის მთავარ გამოწვევასთან - სასამართლო სისტემაში ძალაუფლების კონცენტრაციასა და არაფორმალურ გავლენებთან გამკლავება. მეტიც, რეფორმების განხორციელების პროცესში, მმართველმა გუნდმა ვერ უერთგულა სასამართლოს დემოკრატიულად გარდაქმნის პრინციპულ მიზნებს და ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში, დათმობაზე წავიდა მოსამართლეთა კორპუსში არსებულ გავლენიან ჯგუფებთან. ამ პროცესმა ხელი შეუწყო სისტემაში განსხვავებული აზრის თანდათანობით ჩახშობას და კორპორატივიზმის გაძლიერებას. 

ნათელია, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება, მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, კვლავ ფრაგმენტული და არაარსებითი ცვლილებებით შემოიფარგლება. ხელისუფლება არ აღიარებს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს და ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების აუცილებლობას. ამ  ფონზე, მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების მიზნით, კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას: 

პირველი საფეხური: სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების  შეფასება

საპარლამენტო/საგამოძიებო კომისიამ, ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესით,   სრულყოფილად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს სასამართლო სისტემაში არსებული არაფორმალური/კლანური და პოლიტიკური გავლენების მასშტაბი, ასევე კორუფციის დონე.

მეორე საფეხური: სასამართლო სისტემის გაჯანსაღების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემის მასშტაბის შეფასების შემდგომ, დაინტერესებულ პირთა ჩართულობით, მომზადდეს სასამართლო სისტემის რეალური გაჯანსაღების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

მესამე საფეხური: სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია

სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია. იმპლემენტაციის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური.

არსებული პრობლემის გამწვავების შეკავება მოკლე/საშუალო ვადიან პერიოდში

იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ სასამართლო სისტემაში არსებული არაფორმალური/პოლიტიკური გავლენების გაძლიერება და კორუფციის დონის ზრდა,   აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გამოყენება: 

ა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო - გადაწყვეტილებების მიღების უფრო ინკლუზიური წესი (ორმაგი 2/3)
; საბჭოს წევრი მოსამართლეების მიერ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების და ხელმეორედ ერთი და იმავე პირის საბჭოში არჩევის შეზღუდვა; სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა შესაბამისი სასამართლოების მოსამართლეების მიერ; 

ბ. ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიები
- მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმა და დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდა; მოსამართლეთა იძულებით მივლინების სისტემის რეფორმა და 2021 წლის დეკემბრის ცვლილებებამდე არსებული გარანტიების დაბრუნება კანონმდებლობაში;

გ.  ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა - სასამართლო აქტების სრულად და დროულად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად; ასევე, მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეალური უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 

დ.იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოზე კლანური გავლენის შემცირება - სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება;

ე. სისტემის შევსება კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრებით - სკოლის უზრუნველყოფა საჭირო ადმინისტრაციული/ინფრასტრუქტურული რესურსით, რათა უზრუნველყოს საკმარისი რაოდენობით კვალიფიციური კადრების მომზადება; 

ვ.მოსამართლეების შრომითი გარანტიების გაუმჯობესება - საქმეთა განაწილების სისტემის დახვეწა და მოსამართლეთა სამართლიანი დატვირთულობის უზრუნველყოფა; მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმების შემუშავება და მათ საფუძველზე დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; შრომის ანაზღაურების სამართლიანი და გამჭვირვალე წესის განსაზღვრა. 
სიახლეები