9 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთი და უპრეცედენტოდ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია როგორც 2023 წლის ივნისის საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე 2023 წლის სექტემბრის ცვლილებათა პროექტი. ეს უკანასკნელი, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გახდა. კოალიცია მიესალმება ვენეციის კომისიის მიერ გაჟღერებულ მკაფიო და კრიტიკულ შენიშვნებს, რომელთა უმრავლესობა შინაარსობრივ თანხვედრაშია სამოქალაქო საზოგადოების მიერ წლების განმავლობაში იდენტიფიცირებულ, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრინციპულ გამოწვევებთან და საქართველოს ხელისუფლებას მათი გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
ვენეციის კომისიის 9 ოქტომბრის დასკვნაში კიდევ ერთხელ შეჯამებულია ის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ 2023 წლის მარტში მიიღო და მითითებულია, რომ, სამწუხაროდ, მათი პრინციპული ნაწილი კვლავაც შეუსრულებელია.
დოკუმენტში, უპირველესად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი რეფორმის საჭიროებას და მის განმარტებას. კომისიის განმარტებით, საბჭოს რეფორმაში არც ერთ შემთხვევაში არ მოიაზრება ტექნიკური პრობლემები, რომელიც შესაძლებელია მოგვარდეს არსებულ კანონმდებლობაში მცირე ცვლილებების შეტანით. ყოვლისმომცველი რეფორმა გულისხმობს საბჭოს უფლებამოსილებების, ფუნქციების, შემადგენლობისა და მისი წევრების შერჩევის პროცესის გადასინჯვას იმისათვის, რათა პასუხი გაეცეს საბჭოს კეთილსინდისიერებისა და სისტემაში არსებული შესაძლო კორპორატივიზმის მიმართ საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს, აღდგეს ხელისუფლების ამ შტოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობა, მისი დამოუკიდებლობა და მოუკერძოებლობა. ამასთან, ამგვარი რეფორმა უნდა განხორციელდეს ფართო, ინკლუზიური პროცესით და იმის გაცნობიერებით, რომ არ არსებობს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის აღდგენის მოკლევანიანი გზა.
იუსტიიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის კონტექსტში, ვენეციის კომისიამ იმსჯელა „ვეტინგის“ (vetting) საკითხზეც, რომელიც საბჭოს წევრების პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების სიღრმისეული გადამოწმების განსაკუთრებული და დროებითი მექანიზმია. კომისიის დასკვნის მიხედვით, ისეთი მექანიზმის გამოყენებისას, როგორიც ვეტინგია, გადაწყვეტილებები კონკრეტული ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით და ყველა მხარის ჩართულობით უნდა იქნეს მიღებული. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ვენეციის კომისიამ მიუთითა, რომ როგორც 2023 წლის ივნისის კანონი, ასევე ამავე წლის სექტემბრის ცვლილებები სრულად ვერ პასუხობს კომისიის რეკომენდაციებს მოსამართლეთა მივლინების, დისციპლინირების, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებების სვალდებულოობის და სხვა საკითხების შესახებ.
ასევე კომისიამ ხაზგასმით განმარტა, რომ რეკომენდებული რეფორმები გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე უნდა განხორციელდეს.
შეჯამებისთვის, ნათელია, რომ ხელისუფლების მიერ 2023 წლის ივნისსა და სექტემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები არ პასუხობს არც ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების და, შესაბამისად, არც ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის სულისკვეთებას. ამასთანავე, იმ ფონზე, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა დროა დარჩენილი, მმართველი გუნდი მართლმსაჯულების ძირეული პრობლემების აღიარების და მათი გადაწყვეტის სისტემურ გზებზე ფართო დისკუსიისა გამართვის ნაცვლად, კვლავ არაარსებით საკითხებზე აკეთებს აქცენტებს.
კერძოდ, 2023 წლის სექტემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით შემოთავაზებული, ფაქტობრივად, ერთადერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის ახლებური რეგულირებაა. სხვა ყველა გათვალისწინებული საკითხი კი არაარსებითი და ფრაგმენტულია, რაც, საერთო ჯამში, სასამართლო სისტემის არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლების, ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიების გაუმჯობესების და სისტემის მიმართ ნდობას გაზრდის მიზნებს არ ემსახურება.
მაგალითისათვის, კანონპროექტით ერთ-ერთ ცვლილებად გათვალისწინებულია მოსამართლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმის უბრალო უმრავლესობიდან საბჭოს წევრთა არანაკლებ 2/3-მდე გაზრდა. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც, ერთი მხრივ, მთლიანად დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა საჭიროებს გადახედვას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებამ 2 წლის დაგვიანებით საბჭოს არამოსამართლე წევრებად ისეთი კანდიდატები აირჩია, რომლებიც ხელისუფლების და სასამართლო სისტემის მიმართ ლოიალური პოზიციებით გამოირჩევიან, ამგვარი ცვლილება, ცალკე აღებულად, შედეგის მომტანი ვერ იქნება.
ვენეციის კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა არცერთ ეტაპზე არ გაითვალისწინა როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, შეცვლილიყო გადაწყვეტილების მიღების წესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და გაზრდილიყო ამ პროცესში არამოსამართლე წევრების მონაწლეობის ხარისხი. კომისია აღნიშნავს, რომ პლურალიზმის იდეა გულისხმობს არა მხოლოდ არამოსამართლე წევრების ყოფნას საბჭოში, არამედ მათ მნიშვნელოვან და ქმედით როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ვენეციის კომისიის დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ, ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებების საჭიროება კვლავ არსებობს და განსაკუთრებით კრიტიკულია ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე, უმნიშვნელოვანესი პროცესების გათვალისწინებით. ამგვარი ცვლილებები, პირველ რიგში, სისტემაში არსებული კორპორატივიზმის და არაფორმალური გავლენების შეფასებით უნდა დაიწყოს და შეფასების შედეგად გამოკვეთილი საკითხების ფონზე, თანმიმდევრულად შეეხოს: იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტურად რეფორმირებას, ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიების გაზრდას; სისტემის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას და სხვა, სისტემისათვის რეალური გაჯანსაღების მომტან საკითხებს.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პირველ რიგში აღიაროს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემათა კომპლექსურობა, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიისა და ადგილობრივი აქტორების მოსაზრებები და დაიწყოს ინკლუზიური პროცესი რეალური და ფუნდამენტური რეფორმის გასატარებლად.