ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი -
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სოციალურ-სამართლებრივი ასპექტები“, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემებისა და გამოწვევების გამოკვეთას, საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასებას, შესაბამისი დასკვნების გამოტანას და რეკომენდაციების შემუშავებას.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ხშირად აღმოცენებულია გენდერულ როლებთან დაკავშირებული სტერეოტიპებისგან. ქვეყანაში არსებული დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ოჯახში ჩადენილი დანაშაული ხშირად გაუხმაურებელი რჩება, რაც ამგვარ დანაშაულებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების არასანდოობას უწყობს ხელს. გენდერული როლები ხელს უშლის ქალებს პროფესიული და პირადი ცხოვრების დაგეგმვაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თანასწორობის პრინციპის პრაქტიკაში განმტკიცება.
საქართველოს კანონმდებლობაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმები არის გათვალისწინებული. მათგან, გამოწვევას წარმოადგენს სექსუალურ ძალადობასთან მიმართებაში, გაუპატიურების ცნების არასწორი ინტერპრეტაცია, მათ შორის, თანხმობის არარსებობის შემთხვევებში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული გაუპატიურების დანაშაულის გამორიცხვა.
იმის მიუხედავად, რომ გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, პრაქტიკაში, რიგ შემთხვევებში, სასამართლო არ მსჯელობს გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაზე. ხშირად ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ბრალდებულებს პატიმრობაზე უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებები ეფარდებათ. ასევე, მოსამართლეები არასათანადოდ აფასებენ რისკებს, ხოლო გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული მოძალადეები, გათავისუფლების შემდეგ კიდევ უფრო მძიმე დანაშაულების ჩადენით გამოირჩევიან.
მნიშვნელოვანია ხელისუფლება ორიენტირებული იყოს, ერთი მხრივ, მსხვერპლი ქალების მეორადი ვიქტიმიზაციის თავიდან არიდებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, მათი სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური თვალსაზრისით სრულ რეაბილიტაციაზე.
ანალიტიკური დოკუმენტი მომზადდა აშშ-ის ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას. შესაბამისად, NED არ არის პასუხისმგებელი ტექსტის შინაარსზე.