სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (2023 წლის ივლისი-ოქტომბერი)

09.11.2023
ფონტის ზომა
 
გორის მერის ბრძანება სასამართლომ ბათილად ცნო

2023 წლის 16 სექტემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის  სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლის მიხედვითაც ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება რეორგანიზაციის შედეგად ი.გ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მერიას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების კვლევის შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

მოქალაქემ სახლზე საკუთრება დაიბრუნა

2022 წლის 29 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, მოქალაქე რ.მ-მა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხე გ.გ-ის მიმართ 2021 წლის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.  

ხელშეკრულების მიხედვით გ.გ. აღრიცხული იყო საცხოვრებელი სახლის ½-ის თანამესაკუთრედ. სახლი რ.მ.-მა შეიძინა სსიპ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის მიერ ჩარიცხული კომპენსაციის თანხით, რაც მას ბაკურციხის მონაკვეთზე გარშემოვლითი გზის მშენებლობისას ნგრევის ზონაში მოყოლილი ბინის სანაცვლოდ გადაეცა. გ.გ. მას როგორც მარტოხელას, სახლის ნაწილის ჩუქების სანაცვლოდ პატრონობას და დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ პირობა არ შეასრულა.

2023 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და რ.მ-მა  სახლზე საკუთრება დაიბრუნა. 

სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი მოქალაქე სოციალურ დახმარებებს კვლავ მიიღებს

2023 წლის 14 აგვისტოს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა  გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და შშმ პირის - ა.ყ-ს მხარდამჭერად ა.მ-ს დანიშვნა მოითხოვა. 

სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლს - ა.ყ.-ს ადამიანის უფლებათა ცენტრმა, წლების წინ, ეთნიკური ავარელებით დასახლებულ სოფელში მიაგნო. მას არ გააჩნდა მოქალაქეობა, შესაბამისად არ ჰქონდა სტატუსი და ვერ იღებდა პენსიას. ცენტრის დახმარებით მან მოქალაქეობა და პენსია მიიღო. ჯანმრთელობის პრობლემების გამო მას ა.მ. უვლიდა. 2018 წელს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა  ყვარლის სოციალურ სამსახურს მოსთხოვა ა.ყ-თვის ა.მ-ს მხარდამჭერად დანიშვნა, რაც დაკმაყოფილდა. თუმცა, მხარდამჭერის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მოქალაქე იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც ბოლო 3 თვის განმავლობაში ა.ყ-ს არ აუღია პენსია.
 
2023 წლის 18 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობით სასამართლომ დროებითი განჩინება მიიღო და ცენტრის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მათ შორის, დაკმაყოფილდა მხარდაჭერა სოციალური დახმარების და შშმ პირებისათვის განკუთვნილი პროგრამებით სარგებლობის, ჯანდაცვის, საზღვარგარეთის პასპორტის აღების და სერვისებისა და სამოქალაქო რეესტრში წარმომადგენლობის სფეროში, ასევე დაკმაყოფილდა მხარდაჭერა პენსიის მიღების და განკარგვის და სოციალური პაკეტის მიღების სფეროში.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბინადრობის უფლება მიენიჭა

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა უცხო ქვეყნის მოქალაქის ინტერესებს, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი უთხრა.
  
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული ადმინისტრაციული სარჩელის საფუძველზე, 2023 წლის 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა  ცენტრის მოთხოვნა და ს.ს-ზე ბინადრობის მოწმობა გაიცა.
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით