სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრი სააპელაციო სასამართლოში მეორედ ასაჩივრებს კარვის გაშლის გამო საპროტესტო აქციის ორგანიზატორის სამართალდამრღვევად ცნობას

16.11.2023
ფონტის ზომა
ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით და მოითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ნინო ენუქიძის გადაწყვეტილება, რომლითაც საპროტესტო აქციაზე კარვის გაშლის გამო სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი ბექა გრიგორიადისი და დაჯარიმდა 2000 ლარით.

ბექა გრიგორიადისმა შვილის - 7-8 მარტის საპროტესტო აქციის მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის - გათავისუფლების მოთხოვნით უწყვეტი საპროტესტო აქცია 2023 წლის 28 მაისს დაიწყო საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ, ოლივერ და მარჯორი უორდროპების სკვერში, რომელიც პარლამენტის შენობიდან 20 მეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული. იმავე საღამოს, ბექა გრიგორიადისი შეეცადა სკვერში კარვის გაშლას, მაგრამ იქვე მყოფი რამდენიმე პოლიციელი მას მაშინვე თავს დაესხა და ჩამოართვა კარავი. ბექა გრიგორიადისს მეორე დღეს, 29 მაისსაც ჰქონდა მცდელობა, სკვერში გაეშალა კარავი, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა მას იგივე ძალადობრივი მეთოდებით არ მისცეს ამის საშუალება. კარვის გაშლამდე და მის ჩამორთმევამდე პოლიციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოწოდებას, რომ გრიგორიადისი დამორჩილებოდა პოლიციელთა მითითებებს. ამასთან, კარვის, როგორც საკუთრების ჩამორთმევისას, პოლიციელებს ბექა გრიგორიადისისთვის არ განუმარტავთ მისი ჩამორთმევის და შემდეგში უკან დაბრუნების პროცედურა. ბექა გრიგორიადისმა 1 ივნისს ღამითაც სცადა კარვის გაშლა, რისი უფლებაც მას პოლიციელებმა კვლავ არ მისცეს. უფრო მეტიც - ამჯერად, ბექა გრიგორიადისს არა მხოლოდ კარავი ჩამოართვეს, არამედ თვითონაც დააკავეს მაშინ, როცა ჩანთიდან ცდილობდა კარვის ამოღებას. აღსანიშნავია, რომ ბექა გრიგორიადისმა და მისმა მხარდამჭერებმა პოლიციას რუპორით წინასწარ მიმართეს და აღნიშნეს, რომ აპირებდნენ კარვის გაშლას, ხოლო პოლიციას საპასუხოდ მათთვის ეს არ აუკრძალავთ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბექა გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, კარვის, როგორც მსუბუქი კონტრუქციის განთავსება იწვევდა თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებურ შეცვლას. პოლიციის მხრიდან კარვის გაშლის აკრძალვის მსგავსი დასაბუთება პრეცედენტულია იმ თვალსაზრისით, რომ წინა მსგავს შემთხვევებში საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებს ასეთი არგუმენტი არასოდეს დაუსახელებიათ კარვის გაშლის აკრძალვის ლეგიტიმაციასთან მიმართებით.

პროტესტის გამოხატვის მიზნით კარვის გაშლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა რაიმე სახის შეზღუდვას არ ადგენს. დღემდე არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც აკრძალავდა კარვის სკვერში განთავსებას. კანონმდებლობით აკრძალული არ არის კარვის გაშლა სკვერში ან ისეთ ადგილზე, რომლითაც არ იქმნება ტრანსპორტის სავალის ნაწილის გადაკეტვის თუ ადმინისტრაციული შენობის პარალიზების საშიშროება. შესაბამისად, პოლიციის მიერ სკვერში კარვის გაშლის აკრძალვა  კანონსაწინააღმდეგოა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობდა დაკავების უწყვეტი ვიდეოკადრი, სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაიზიარა  პოლიციელის ჩვენება, რომელიც არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას, რომელიც საფუძვლად შეიძლება დაედოს პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და 2000 ლარით მის დაჯარიმებას. 

სასამართლოს გადაწყვეტილება ბექა გრიგორიადისმა და ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადწყვეტილება და საქმე დაუბრუნა ხელახალი განხილვისათვის. ამავე დროს მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს საქმე კომპლექსურად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჭრილში უნდა განეხილა.  

სააპელაციო სასამართლოს მითითების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე კვლავ ფორმალურად განიხილა 27 სექტემბერს და ისევ იგივე გადაწყვეტილება მიიღო - კარვის გაშლა სამართალდარღვევად მიიჩნია. ამ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ დღეებში გაასაჩივრებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...