ადამიანის უფლებათა ცენტრი საჩივრით მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საპროტესტო აქციის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტების - ლაშა ჯანჯღავას და ლევან ნიშნიანიძის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის და 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ.
ლევან ნიშნიანიძე და ლაშა ჯანჯღავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2 ივნისს საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე. ლევან ნიშნიანიძე და ლაშა ჯანჯღავა ამ აქციაში მონაწილეობდნენ და ბანერების გამოყენებით გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლურ განცხადებებთან დაკავშირებით. დაკავების დროს დაკავებულებისთვის პოლიციას არ განუმარტავს უფლებები და არც დაკავების მიზეზი და საფუძვლები. ასევე, დაკავებამდე პოლიციის მხრიდან არ მომხდარა არანაირი გაფრთხილება.
დაკავებული ლაშა ჯანჯღავა და ლევან ნიშნიანიძე პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს დუშეთის რაიონის დროებითი მოთავსების იზოლატორში. პოლიციამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს გაუგრძელა 24-საათიანი დაკავების ვადა და შემდგომ ისე, რომ საქმე ჯერაც არ ჰქონდათ შეტანილი სასამართლოში, დაახლოებით 35 საათის გასვლის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშა ჯანჯღავას და ლევან ნიშნიანიძეს ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლების დარღვევას, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
ლაშა ჯანჯღავას და ლევან ნიშნიანიძის ადმინისტრაციული დაკავების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არ წარმოუდგენია არანაირი სახის ვიდეომტკიცებულება და სამინისტროს წარმომადგენელი თავის მოსაზრებას ამყარებდა მხოლოდ დაკავებაში მონაწილე მოწმე პოლიციელების ჩვენებზე.
სასამართლოში, პოლიციელების მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებები იყო არათანმიმდევრული, ურთიერთგამომრიცხავი და არსებითად ეწინააღმდეგებოდა საქმეში დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებს, სადაც უწყვეტ ვიდეოკადრზე იყო ასახული დაკავების პროცესი.
არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის (საქმე N4ა-253-17) გადაწყვეტილება, რითაც გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ეყრდნობოდა მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას და განმარტა, რომ მარტოოდენ პოლიციელის ჩვენება არ წარმოადგენს მტკიცებულებას თუ ის არ არის გამყარებული სხვა სახის მტკიცებულებებით.
ლაშა ჯანჯღავას და ლევან ნიშნიანიძის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე სასამართლოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა საქმეზე წარდგენილი სანდო და რეალური მტკიცებულებები და პოლიციელების ცრუ ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება ლაშა ჯანჯღავას და ლევან ნიშნიანიძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრი