გვსურს, გამოვეხმაუროთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ, საჯარო სკოლების დირექტორობის კონკურსში მონაწილე მასწავლებლების, მაია ეკალაძისა და დავით ფერაძის პროტესტს დირექტორობის არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, 4 დეკემბრიდან მაია ეკალაძე და დავით ფერაძე განათლების სამინისტროს წინ, ღია ცის ქვეშ გამოთქვამენ პროტესტს და მეორე ღამეა ადგილზე ათევენ. ამ პერიოდიდანვე, მაია ეკალაძემ პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმას, შიმშილობას მიმართა. მათი მოთხოვნაა დროული და კონკრეტული ცვლილებები დირექტორების შერჩევის პროცესში. პროტესტს წინ უძღოდა უშედეგო შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან და მის მოადგილეებთან.
დღეის მდგომარეობით, 1200-მდე საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორის ფუნქციას ასრულებენ მოვალეობის შემსრულებლები. საჯარო სკოლის დირექტორობის უფლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2023 წლის 8 ივნისის ბრძანების საფუძველზე მიენიჭა 593 კანდიდატს. სკოლის დირექტორების არჩევნები ჩატარდა 927 სკოლაში და მათ უმრავლესობაში სამინისტროს მიერ წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, მიუხედავად მსურველთა რაოდენობისა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ უკამყოფილება გამოიწვია როგორც დირექტორობის კანდიდატებში, ისე სკოლებსა და საგანმანათლებლო საზოგადოებაში.
საჯარო სკოლის დირექტორთა არჩევნების პროცესის სამართლიანობასა და გამოკვეთილ სისტემურ ხარვეზებზე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა არაერთი განცხადება გააკეთეს, როგორც არჩევნების პროცესში, ასევე საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდგომ. [1] რაც მთავარია, წარმოდგენილი იყო როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი კონკრეტული რეკომენდაციები.[2] სამწუხაროა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აღნიშნული რეკომენდაციები ამ დრომდე არ არის გათვალისწინებული და რაიმე ქმედითი ნაბიჯები - გადადგმული.
შექმნილი სიტუაციის განმუხტვისა და საჯარო სკოლის დირექტორების არჩევნების პროცესის ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართავთ შემდეგი რეკომენდაციებით:
1. გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი იმ სკოლებში, სადაც სამეურვეო საბჭოსათვის არ იყო წარდგენილი დირექტორობის კანდიდატ(ებ)ი;
2. შეიცვალოს სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესი და ამ სკოლებში ნებისმიერ სერტიფიცირებულ კანდიდატს მიეცეს მისთვის სასურველ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება. დირექტორობის კანდიდატის თანამდებობასთან შესაბამისობა გადაწყვიტოს მხოლოდ სკოლების სამეურვეო საბჭომ, სამინისტროს მიერ დანიშნული გასაუბრების გარეშე.
3. სასერტიფიკატო წერითი გამოცდაჩაბარებული დირექტორობის მსურველებისთვის (162 ადამიანი) დაინიშნოს ხელახალი გასაუბრება. გასაუბრების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ამ პირებსაც მიეცეთ ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
4. გაიმართოს მოლაპარაკებები სერტიფიცირებულ დირექტორობის კანდიდატებთან და იმ სკოლებში, სადაც არ იქნება სერტიფიცირებული კანდიდატი (1-3 პუნქტის განხორციელების შემდეგაც), დისკრეციის უფლებით დაინიშნონ სერტიფიცირებული კანდიდატები. ასეთ(ებ)ის არ არსებობის შემთხვევაში, დისკრეციის უფლებამოსილების გამოყენება დასაბუთებული იყოს არგუმენტირებულად.
5. შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (სპეციალური კომისია), რომელიც:
5.1 უზრუნველყოფს სკოლის დირექტორობის შერჩევისა და არჩევის ახალი წესის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც მომავალში ჩატარდება დირექტორების კონკურსი;
5.2 სასერტიფიკატო გამოცდაჩაბარებული დირექტორობის მსურველებისთვის (162 ადამიანი) ჩაატარებს გასაუბრებას.
5.3 შეიმუშავებს სტრატეგიას სკოლის დირექტორების მუდმივი პროფესიული განვითარების სისტემის შესაქმნელად.
სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომისია დაკომპლექტებული იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე თემატური საზოგადოებრივი ორგანიზაციების, განათლების სპეციალისტების, სახალხო დამცველისა და სხვა შესაბამისი წარმომადგენლების მიერ.
6. სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილი დოკუმენტების აღსრულების ვალდებულება დაეკისროს საქართველობას მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
მოვუწოდებთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმოკლეს ვადებში, გაითვალისწინოს აღნიშნული რეკომენდაციები და დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა საფრთხე არ შეექმნას პროტესტში მონაწილე ადამიანთა ჯანმრთელობას და თავიდან ავირიდოთ სიტუაციის გაუარესება (მაგ. მოშიმშილეთა რაოდენობის ზრდა, რაც დაანონსებულია სამინისტროს მხრიდან ქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში).
ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ, გამოვთქვამთ მზაობას პროცესებში მონაწილეობისა და შუამავლობისათვის.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- განათლების კოალიცია
- სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- ღია სივრცე კავკასია (COS)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
- მშობლები განათლებისთვის
- საფარი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- ა(ა)იპ შეხვედრის ადგილი დმანისი
- თავისუფალი ასოციაცია
- საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- დემოკრატიის მცველები
- სამოქალაქო განათლებისა და რეაბილიტაციის ცენტრი (CERC)
- ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- საქართველოს მომავლის აკადემია (GFA)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)