News

საზოგადოებრივი ორგანიზაციების დეკლარაცია „სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის“ დაარსების შესახებ

18.12.2023
Font size
ჩვენ, მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ექსპერტები, მტკიცედ და განუხრელად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

სამშვიდობო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტების პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, დარგობრივი თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის შემდგომი გაძლიერების, და საჯარო დისკურსში მშვიდობიანი მოგვარების იდეის გავრცელების, განმტკიცების და აქტუალიზაციის გზით.

ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს პოლიტიკურ დონეზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში დინამიკისა და პროგრესის ნაკლებობა. სამწუხაროდ, შემცირებულია კონფლიქტების მიმართ საზოგადოებრივი, მედია და საერთაშორისო ინტერესიც. კონფლიქტის ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის საკითხი სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, სახელმწიფოსა და სხვა აქტორების მხრიდან მეტ ყურადღებასა და ქმედით ნაბიჯებს საჭიროებს.

მიგვაჩნია, რომ სამშვიდობო პოლიტიკა ითხოვს განახლებას. განახლებული მიდგომა  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მოლაპარაკების კლიმატის და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაში, მათ შორის, საარსებო წყაროებზე, ხარისხიან განათლებაზე, ჯანდაცვაზე შეუფერხებელი წვდომის, თავისუფალი გადაადგილებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების რეალიზებაში.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ჩვენ შევქმენით „სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის“, რომლის მიზანია საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და სამშვიდობო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის და გავლენის გაზრდა.

პლატფორმის ამოცანებია ხელი შეუწყოს საჯარო სივრცეში მშვიდობის იდეის განმტკიცებას, რომელიც უსაფრთხო, სამართლიანი, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია; სამშვიდობო პროცესში დემოკრატიული და ინკლუზიური მიდგომების გაძლიერებას და ამ პროცესზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას; აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგისა და თანამშრომლობის  გაღრმავებასა და ნდობის აღდგენას; კონფლიქტებით დაზარალებული ყველა ჯგუფის, მათ შორის, დევნილების, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს  მცხოვრები მოსახლეობის, ასევე, გალისა და ახალგორის რაიონების საზოგადოებების ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას; რუსეთის მხრიდან მომდინარე ანექსიურ საფრთხეებზე რეაგირებას; ევროპული ინტეგრაციის პროცესში კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხის პრიორიტეტიზაციას და ამ პროცესში მიღებული სიკეთეების გავრცელებას კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე.

პლატფორმა მოახდენს  სამშვიდობო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის მობილიზებას, მათ შორის, ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და კრიტიკულ სიტუაციებში სათანადო რეაგირების უზრუნველყოფის, ასევე მონიტორინგისა და ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ადვოკატირების გზით.

პლატფორმა აქტიურად ითანამშრომლებს სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე სხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტორებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის, ნდობის აღდგენის პროცესში.
 
დეკლარაციის ხელმომწერები:

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • ახალგაზრდული სამშვიდობო ქსელი "მე-16 ელემენტი“
  • ასოციაცია „იმედი“
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • „დავიწყოთ ახლა“
  • Go Group Media
  • იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“
  • კავკასიური მოზაიკა
  • კოალიცია „დევნილთა უფლებებისთვის“
  • კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
  • კულტურულ ურთიერთობა ცენტრი - კავკასიური სახლი
  • ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
  • მარინა ფაღავა, „კავკასიური დიალოგი“
  • მეწარმე ქალთა ფონდი
  • მოძრაობა „აფხაზეთისთვის“
  • მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია
  • მშვიდობის განვითარების ცენტრი
  • მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის
  • მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
  • მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი
  • ნათია ჭანკვეტაძე
  • ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი
  • პაატა ზაქარეიშვილი
  • პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“
  • რუსუდან მარშანია
  • სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი
  • საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია
  • საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი"
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • სტუდია „რე“
  • ქალთა საინფორმაციო ცენტრი
  • ქალთა ფონდი „სოხუმი“
  • ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს კომიტეტი
News