სიახლეები

ტოლერანტობის ცენტრის შესახებ შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე გამოხმაურება

21.01.2024
ფონტის ზომა
2024 წლის არჩევნების მთავარ სტრატეგიას „ქართული ოცნება“ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მანიპულირებასა და ანტიდასავლურ რიტორიკას აფუძნებს.

ამ გეგმის განხორციელება უკვე დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, შეიჭრა კონსტიტუციური ორგანოს - სახალხო დამცველის -  დამოუკიდებლობაში და სახალხო დამცველს მოუწოდა, “შესაბამისი რეაგირება მოახდინოს” სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის, მიმართ. 18 იანვარს შალვა პაპუაშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ბექა მინდიაშვილი რელიგიური შეუწყნარებლობით  არის გამორჩეული და არ აქვს უფლება, მუშაობდეს სახალხო დამცველის აპარატში. ორი დღის შემდეგ, 20 იანვარს, პაპუაშვილმა პრესკონფერენცია მიუძღვნა მართლმადიდებელ ეკლესიაზე პოპულისტურ საუბარს, რა დროსაც გაავრცელა ანტიდასავლური გზავნილები, კვლავ სცადა საქართველოს დასავლელი პარტნიორების და USAID-ის დისკრედიტაცია და უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის შესახებ კანონის (რუსული კანონი) არსებობის საჭიროებას გაუსვა ხაზი. 

მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნული ანტიკონსტიტუციური განცხადებებით  არღვევს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს, უხეშად ერევა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ცენტრის ავტონომიაში, აღვივებს შეუწყნარებლობასა და სიძულვილს უფლებადამცველების მიმართ, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და დემოკრატიული განვითარების პროცესს.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი 2005 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტობის კულტურის განვითარებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს ჩამოყალიბებისთვის. ცენტრს, ბექა მინდიაშვილის ხელმძღვანელობით, უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვასა და ადვოკატირებაში. სწორედ ტოლერანტობის ცენტრის კოორდინაციით ფუნქციონირებს ორი უნიკალური პლატფორმა, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები. რელიგიათა საბჭოს, რომელიც რელიგიური გაერთიანებებისათვის თანასწორუფლებიანი და უსაფრთხო სივრცეა, გამორჩეული წვლილი შეაქვს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით. ხელისუფლების ქმედებები მიანიშნებს, რომ ის სწორედ ამგვარ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე დაფუძნებულ სივრცეს ებრძვის. 

ხელისუფლების ბოლოდროინდელი რიტორიკა და პოლიტიკა ცხადყოფს, რომ  მისი პრიორიტეტი არა რელიგიის თავისუფლების დაცვა, არამედ რელიგიურ ორგანიზაციებზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და დისკრიმინაციის გაღრმავებაა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა 2014 წელს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში “რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო”. ხელისუფლება ცდილობს, მიიღოს რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ავტორიტარული კანონები. ამას მოწმობს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებაც, სადაც მან “რელიგიური შენობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის” სანქციების დაწესების საკანონმდებლო გეგმებზე ისაუბრა

ცინიკურია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების დაცვაზე საუბარიც, მაშინ, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო მოსმენა-თვალთვალის ათიათასობით ფაილით დასტურდება, თუ რა მასშტაბით ერევა ხელისუფლება მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში. შესაბამისად, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი არც მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების დაცვაა და მისი რიტორიკა მხოლოდ პოპულისტურ ელექტორალურ მიზნებს ემსახურება. 

სამოქალაქო პლატფორმისთვის “არა-ფობიას!” აბსოლუტურად მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, Პოლიტიკური მიზნებისათვის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მანიპულირება და ე.წ. რუსული კანონის თემის ხელახალი აქტუალიზაცია. 

შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის კამპანია, მიზანმიმართული ანტიდასავლური პოლიტიკა, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოებისა და რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში ჩარევა და ავტორიტარული, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონმდებლობის მიღების  მცდელობა.
 
სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” წევრი ორგანიზაციები: 
 
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • საფარი
  • თანასწორობის მოძრაობა
  • უფლებები საქართველო
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • თბილისი პრაიდი
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
წყარო: gdi.ge/ge/news/tolerantobis-tsentris-shesakheb-shalva-papuashvilis-gantskha?fbclid=IwAR2qvgv8bAiu3ageCfskZPiZM6MPRKjLBXt4jewRUiYefBMEtIfML4a3b1g
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით