22 იანვარს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა საჯაროდ გამოაქვეყნა შემაჯამებელი ანგარიში შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შესახებ, რომელიც მიმოიხილავს 2023 წლის განმავლობაში აქციების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ უფლოებადარღვევებსა და მთავარ გამოწვევებს. ანგარიში მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის - „ადამიანის უფლებებზე მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.
შემაჯამებელი ანგარიში წარმოაჩენს ეროვნული კანონმდებლობის დარღვევებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევებს იმ შეკრებების მიმდინარეობისას, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა. კერძოდ, დოკუმენტში განხილული საკითხები მოიცავს აქციის დაშლისას სპეციალური საშუალებების გამოყენებას, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უფლებების დარღვევას, საპროტესტო კარვის გაშლის აკრძალვას, საპოლიციო ძალების არაპროპორციული რაოდენობისა და არაიდენტიფიცირებული პოლიციელების მონაწილეობას და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ანგარიშის მთავარი მიზანია, მიმოიხილოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული დარღვევები, რის განუყოფელ ნაწილსაც წარმოადგენს დარღვევების სამართლებრივი შეფასება და საერთაშორისო სტანდარტებთან მათი შესაბამისობის ანალიზი.