სიახლეები

სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს დაზარალებულისთვის 12 000 ევროს გადახდა დააკისრა

04.03.2024
ფონტის ზომა
 
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე - „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული საჩივრით, კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით, განმცხადებელი ევროსასამართლოში ჩიოდა მისი შვილის გარდაცვალებასა და ამ კუთხით ეფექტური გამოძიების არარსებობაზე.

საქმეზე - „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის ფუნდამენტური დარღვევები და მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება. სასამართლომ მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე და ფაქტობრივად, გამოძიების არაეფექტურობასთან დაკავშირებით  განმცხადებლების ყველა არგუმენტი გაიზიარა. ხოლო მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები დაუშვებლად მიიჩნია. 

როგორც გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ კავშირი მომჩივნის შვილის სიკვდილსა და პოლიციის მიერ მის დევნას შორის აშკარა იყო 2016 წლის 3 აგვისტოს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე არსებული რეგულაციებით პოლიციის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება პროკურატურას უნდა ეწარმოებინა, ამ საქმის გამოძიება პოლიციას დაევალა. პროკურატურამ მხოლოდ თხუთმეტი თვის შემდეგ დაიწყო გამოძიება. აქედან გამომდინარე, გამოძიების ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი ჩატარდა იმ ორგანოს მიერ, რომელსაც არ ჰქონდა საკმარისი დამოუკიდებლობა პოლიციის თანამშრომლებისგან, რომელთა პასუხისმგებლობაც შესაძლოა, გამოკვეთილიყო აღნიშნულ ინციდენტში. უფრო მეტიც, გამოძიების რამდენიმე ძირითადი ხარვეზი პირდაპირ კავშირშია ამ ფაზასთან.  

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეოთვალთვალის კადრები შეიძლება წარმოადგენდეს მტკიცებულებას, რომელიც მნიშვნელოვანია შესაბამისი მოვლენების გარემოებების დასადგენად. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში ვიდეომტკიცებულებების შეგროვებისა და დამუშავების წესი არადამაკმაყოფილებელი იყო. როგორც ჩანს, მოთხოვნათა უმეტესი ნაწილი საგზაო მოძრაობის ან კერძო სათვალთვალო კამერების ვიდეოკადრების ამოღებისა და მოპოვების შესახებ დაგვიანებით იყო გაკეთებული, რის გამოც პოტენციურად მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაიკარგა ან წაიშალა.

სასამართლო ყურადღებას ასევე ამახვილებს შეუსაბამობაზე ორი პოლიციელის ჩვენებებსა და საგზაო შემთხვევის ოქმს შორის, რომელიც შედგენილი იყო 2016 წლის 1 აგვისტოს მომხდარი ინციდენტისთანავე. სასამართლომ სახელმწიფოსგან ვერ მიიღო ინფორმაცია, თუ რატომ ვერ იყო საგზაო შემთხვევის თავდაპირველ ანგარიშში ინციდენტის სრული აღწერა. ამგვარად, საერთოდ გამოტოვებული იყო მოხსენებაში ის ფაქტი, რომ მომჩივნის ვაჟს პოლიცია აედევნა ფეხით, სანამ სიბნელეში გაუჩინარდებოდა, ასევე - სხვა პოლიციის ოფიცრების სავარაუდო ჩართულობა ჩხრეკაში. „დარჩენილი პოლიციელები პირველად გამოიკითხნენ თითქმის ოთხი თვის დაგვიანებით. ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობამ ვერ წარმოადგინა  შესაბამისი ახსნა-განმარტება, სასამართლო თვლის, რომ ასეთი დაყოვნება გაუმართლებელი იყო...“ 

„დაბოლოს, გამოძიება უკვე შვიდ წელზე მეტია მიმდინარეობს. მთავრობას არ განუმარტავს, რატომ გაგრძელდა გამოძიება ასე ხანგრძლივად. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირია სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების გაჭიანურება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საეჭვო გარემოებაში გარდაცვალებას ან/და მსხვერპლის არასათანადო მოპყრობას, რასთანაც სავარაუდო კავშირი ჰქონდათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. სასამართლო გამოძიების ამგვარად გაჭიანურებას გაუმართლებლად მიიჩნევს“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
  
სასამართლომ საბოლოოდ დაასკვნა, რომ განმცხადებლის შვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ იყო ეფექტური, რაც არღვევს კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურულ საკითხს.  

რაც შეეხება მოპასუხე სახელმწიფოს სავარაუდო პასუხისმგებლობის საკითხს განმცხადებლის შვილის სიკვდილზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლოს არ შეუძლია კონკრეტულად შეაფასოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი კონვენციის მეორე მუხლის არსებით ნაწილთან მიმართებაში. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მომჩივანის სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა 12 000 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ელიბაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2021 წელს მიმართა. 

ისტორია:

2016  წლის 1 აგვისტოს ზურა ელიბაშვილი (დაბადების გვარი - ხუციშვილი) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედისა და ძმის დასახვედრად მიდიოდა. მას შემდეგ, რაც ელიბაშვილი აეროპორტში არ მივიდა, ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო. ავტომობილი - საჯარიმო ავტოსადგომზე, თავად ელიბაშვილი კი სამი დღის შემდეგ - 3 აგვისტოს მდინარე მტკვარში იპოვეს გარდაცვლილი. შემდეგ როგორც გაირკვა, 2016 წლის 1 აგვისტოს საპატრულო პოლიციის ავტომობილი დაედევნა ელიბაშვილის ავტომობილს. საპატრულო ეკიპაჟმა მის მიმართ დღემდე გაურკვეველი მიზეზით განახორციელა დევნა, ხოლო მას შემდეგ, რაც ზურა ელიბაშვილი გადმოვიდა ავტომანქანიდან და გაიქცა, უკან დაედევნენ პატრულ-ინსპექტორები მდინარე მტკვრის ხევის მიმართულებით. ასე ქვეითად დადევნებიდან მცირე პერიოდში პატრულ-ინსპექტორები დაბრუნდნენ თავიანთ ავტომანქანასთან ისე, რომ არ დაადგინეს ზურა ელიბაშვილის ადგილმდებარეობა და არც სამაშველო სამსახური გამოუძახიათ, ხოლო 3 აგვისტოს ზურა ელიბაშვილი მტკვარში იპოვეს გარდაცვლილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დევნის მონაწილე პირები გამოვლენილი და დადგენილია, რვა წელია, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს. 

ზურა ელიბაშვილის გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზამ ასფიქსია დაადგინა და გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო. კვალიფიკაცია მხოლოდ 2020 წლის 10 აგვისტოს შეიცვალა და  სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით და ამავე კოდექსის 342 მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი). 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები
Loading...