სიახლეები

სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” განცხადება ადიგენში რელიგიის თავისუფლების ხელყოფის ფაქტზე

11.03.2024
ფონტის ზომა
სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმიანება 2024 წლის 8 მარტს ადიგენის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დროულად გამოიძიონ მუსლიმი მორწმუნეების რელიგიის თავისუფლების ხელყოფის ფაქტი.

როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ადიგენში, იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის საკუთრებაში არსებულ შენობასთან, მობილიზებული იყვნენ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და სხვა მაცხოვრებლები, რომლებიც ცდილობდნენ იმამის საკუთრებაში შეჭრას და ადგილობრივი მუსლიმებისთვის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის ხელშეშლას. მათი მხრიდან ისმოდა მუქარა და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა ისინი მხოლოდ გზას უღობავდნენ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს.  მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო-მასალაში ჩანს შესაძლო დანაშაულის ნიშნები (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 151 - მუქარა, მუხლი 155 - რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელშეშლა; მუხლი 156 - დევნა), ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია გამოძიების დაწყებასა და რომელიმე პირის დაკავებაზე.

საყურადღებოა მომხდართან დაკავშირებით ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის, განცხადებაც, რომელმაც გაამართლა რელიგიური უმცირესობისთვის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა იმ მოტივით, რომ “ქრისტიანული მოსახლეობისთვის ეს პროვოკაციაა”. განცხადებები გაავრცელეს სახალხო დამცველმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ. სააგენტო თანაბრად მოუწოდებს მხარეებს, მათ შორის, დაზარალებულ მუსლიმებს, “იმოქმედონ საქართველოს ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად”.

რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით (მე-16 მუხლი), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მე-9 მუხლი) და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით (მე-18 მუხლი). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, რწმენის თავისუფლება, ადამიანის შინაგანი დამოკიდებულებების გარდა იცავს მის უფლებას, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, ქადაგებით, წესებისა თუ რიტუალების შესრულებით, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, როგორც საქვეყნოდ, ისე განკერძოებით.  

ადიგენში მაცხოვრებელი მუსლიმები მათ კერძო საკუთრებაში იკრიბებოდნენ სალოცავად. რელიგიური გამოხატვის ამგვარი ფორმა, შეუძლებელია, წინააღმდეგობაში მოდიოდეს რომელიმე საჯარო ინტერესთან ან სხვათა უფლებებთან. შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები ცხადჰყოფს რელიგიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს, რომელსაც არ აქვს გამართლება. 

ასეთ დროს მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუტებმა შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები და მოახდინონ სათანადო რეაგირება უკანონობის ნებისმიერ გამოვლინებაზე. ამის საპირისპიროდ, ვხედავთ, რომ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ მოქმედებენ ადამიანის უფლებების დაცვისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების საფუძველზე. ისინი ცდილობენ, რომ გამოკვეთონ მუსლიმი თემის თანაბარი ბრალეულობა და ვითარება წამოაჩინონ პროვოკაციად/კონფლიქტად, რომლის სათავე თითქოს თავად რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები არიან. სურათის ამგვარი წარმოაჩენა და ვითარების “დაპირისპირებად” ჩვენება მიუთითებს იმაზე, რომ კვლავ არ არსებობს პოლიტიკური ნება, გადაიდგას ნაბიჯები ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის შესამცირებლად. წლების განმავლობაში დამკვიდრებული დაუსჯელობა, მხოლოდ ახალისებს მსგავს აგრესიულ ქმედებებს. აღნიშნულს ხელს უწყობს როგორც სამართალდამცავი უწყებების უმოქმედობა, ისე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა, რომელიც დაარსებიდან, რელიგიის თავისუფლების დაცვის ნაცვლად, რელიგიური ინსტიტუციების კონტროლზეა ორიენტირებული. 

ნიშანდობლივია, რომ მსგავი შემთხვევა ადიგენის მუნიციპალიტეტში მოხდა 2023 წლის ივლისშიც, როდესაც ადგილობრივი მართლმადიდებლები მუსლიმების რელიგიური რიტუალის ჩატარებასა და სწავლებას ეწინააღმდეგებოდნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები სკოლის შენობასთან მივიდნენ და საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვეს. მოხდა სიტყვიერი შელაპარაკებაც. ადგილზე მისულ პოლიციას, მომხდართან დაკავშირებით, სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით სასულიერო პირებს შორის “შედგა მოლაპარაკება”, რომლითაც მუსლიმებს დათმობაზე წასვლა მოუწიათ. მათ პირად საკუთრებაში არსებულ სახლში მოწყობილი სალოცავი და რელიგიური სკოლა დაატოვებინეს. ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფომ პრობლემა გადაჭრილად მიიჩნია და მასზე რეაგირება არ მოუხდენია. 

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ მიმართავს:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 8 მარტს ადიგენში განვითარებული მოვლენები;
  • შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს - აქტიური ზედამხედველობა გაუწიოს გამოძიებას;
  • საქართველოს პროკურატურას - გამოკვეთოს და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს შესაძლო დანაშაული;
  • მაუწყებლებს - დაიცვან მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლებით განსაზღვრული წესები, რომელიც შეეხება მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპების დაცვას რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქებისას.
  • საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს - განცხადებები გააკეთონ თანამედროვე დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საფარი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
თბილისი პრაიდი
უფლებები საქართველო
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
სიახლეები
Loading...