სიახლეები

'მაუწყებლის' ჟურნალისტებს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა  

15.03.2024
ფონტის ზომა
12 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი და ონლაინ მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტები: ნათია ქარჩილაძე, ანი გიორგაძე, რატი რატიანი, ზაზა ქარჩილაძე და გიორგი არობელიძე იმყოფებოდნენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებების გაცნობის მიზნით.

2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლების პროცესის გაშუქებისას, ჟურნალისტებს: ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს, რატი რატიანს, ზაზა ქარჩილაძეს და გიორგი არობელიძეს უკანონოდ შეეშალათ ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. 

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ როგორც აღსრულების პოლიციის თანამშრომლები, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან გამოიკვეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების  გადამეტების ფაქტები, კერძოდ, ჟურნალისტებს ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. ერთ-ერთ ჟურნალისტს არაერთხელ წაართვეს კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომლითაც ის ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას. ასევე, ძალადობის შედეგად, დაზიანდა ონლაინ მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ძვირადღირებული კამერა და ტელეფონის დამჭერი.

თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდა შესაბამისი სამკერდე ნიშანი, რომელიც მიუთითებდა მათ პროფესიულ საქმიანობაზე. ამის მიუხედავად, სამართალდამცავების მხრიდან მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა არ შეწყვეტილა.

2024 წლის 28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა მოითხოვა ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობა. შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მედიის ხუთივე წარმომადგენელს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. დაზარალებული ჟურნალისტები სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით იქნენ ცნობილი რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ესე იგი მის იძულებას, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან. ამასთან, სამი ჟურნალისტი დაზარალებულად ცნეს ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციითაც, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.

მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს პროექტის, ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...