სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები   (2023 წლის ნოემბერი, დეკემბერი, 2024 წლის იანვარი, თებერვალი)

26.03.2024
ფონტის ზომა
სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს დაზარალებულისთვის 12 000 ევროს გადახდა დააკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე - „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული საჩივრით, კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით, განმცხადებელი ევროსასამართლოში ჩიოდა მისი შვილის გარდაცვალებასა და ამ კუთხით ეფექტური გამოძიების არარსებობაზე.

საქმეზე - „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის ფუნდამენტური დარღვევები და მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება. სასამართლომ მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე და ფაქტობრივად, გამოძიების არაეფექტურობასთან დაკავშირებით  განმცხადებლების ყველა არგუმენტი გაიზიარა. ხოლო მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები დაუშვებლად მიიჩნია.
 
როგორც გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ კავშირი მომჩივნის შვილის სიკვდილსა და პოლიციის მიერ მის დევნას შორის აშკარა იყო 2016 წლის 3 აგვისტოს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე არსებული რეგულაციებით პოლიციის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება პროკურატურას უნდა ეწარმოებინა, ამ საქმის გამოძიება პოლიციას დაევალა. პროკურატურამ მხოლოდ თხუთმეტი თვის შემდეგ დაიწყო გამოძიება. აქედან გამომდინარე, გამოძიების ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი ჩატარდა იმ ორგანოს მიერ, რომელსაც არ ჰქონდა საკმარისი დამოუკიდებლობა პოლიციის თანამშრომლებისგან, რომელთა პასუხისმგებლობაც შესაძლოა, გამოკვეთილიყო აღნიშნულ ინციდენტში. უფრო მეტიც, გამოძიების რამდენიმე ძირითადი ხარვეზი პირდაპირ კავშირშია ამ ფაზასთან.  

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეოთვალთვალის კადრები შეიძლება წარმოადგენდეს მტკიცებულებას, რომელიც მნიშვნელოვანია შესაბამისი მოვლენების გარემოებების დასადგენად. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში ვიდეომტკიცებულებების შეგროვებისა და დამუშავების წესი არადამაკმაყოფილებელი იყო. როგორც ჩანს, მოთხოვნათა უმეტესი ნაწილი საგზაო მოძრაობის ან კერძო სათვალთვალო კამერების ვიდეოკადრების ამოღებისა და მოპოვების შესახებ დაგვიანებით იყო გაკეთებული, რის გამოც პოტენციურად მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაიკარგა ან წაიშალა.

სასამართლო ყურადღებას ასევე ამახვილებს შეუსაბამობაზე ორი პოლიციელის ჩვენებებსა და საგზაო შემთხვევის ოქმს შორის, რომელიც შედგენილი იყო 2016 წლის 1 აგვისტოს მომხდარი ინციდენტისთანავე. სასამართლომ სახელმწიფოსგან ვერ მიიღო ინფორმაცია, თუ რატომ ვერ იყო საგზაო შემთხვევის თავდაპირველ ანგარიშში ინციდენტის სრული აღწერა. ამგვარად, საერთოდ გამოტოვებული იყო მოხსენებაში ის ფაქტი, რომ მომჩივნის ვაჟს პოლიცია აედევნა ფეხით, სანამ სიბნელეში გაუჩინარდებოდა, ასევე - სხვა პოლიციის ოფიცრების სავარაუდო ჩართულობა ჩხრეკაში. „დარჩენილი პოლიციელები პირველად გამოიკითხნენ თითქმის ოთხი თვის დაგვიანებით. ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობამ ვერ წარმოადგინა  შესაბამისი ახსნა-განმარტება, სასამართლო თვლის, რომ ასეთი დაყოვნება გაუმართლებელი იყო...“ 

„დაბოლოს, გამოძიება უკვე შვიდ წელზე მეტია მიმდინარეობს. მთავრობას არ განუმარტავს, რატომ გაგრძელდა გამოძიება ასე ხანგრძლივად. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირია სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების გაჭიანურება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საეჭვო გარემოებაში გარდაცვალებას ან/და მსხვერპლის არასათანადო მოპყრობას, რასთანაც სავარაუდო კავშირი ჰქონდათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. სასამართლო გამოძიების ამგვარად გაჭიანურებას გაუმართლებლად მიიჩნევს“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.   

სასამართლომ საბოლოოდ დაასკვნა, რომ განმცხადებლის შვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ იყო ეფექტური, რაც არღვევს კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურულ საკითხს.  

რაც შეეხება მოპასუხე სახელმწიფოს სავარაუდო პასუხისმგებლობის საკითხს განმცხადებლის შვილის სიკვდილზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლოს არ შეუძლია კონკრეტულად შეაფასოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი კონვენციის მეორე მუხლის არსებით ნაწილთან მიმართებაში. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მომჩივანის სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა 12 000 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის.

წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოქალაქის სასარგებლოდ 50 000 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 50 000 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა მოქალაქის სასარგებლოდ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ბენეფიციარი – ლ.კ N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მრავალი წლის განმავლობაში ადმინისტრაციის მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა. ლ.კ. 2017 წელს პროკურორის დადგენილების საფუძველზე დაზარალებულად არის ცნობილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ლ.კ-ს საქმეზე 2020 წლის 1 ივლისს მიმართა სასამართლოს დანაშაულით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, 2022 წლის 15 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ლ.კ.-ს საქმეზე 2019 წლის 12 ნოემბერს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, N8 პენიტენციური დაწესებულების თანამდებობის პირებს და თანამშრომლებს მსჯავრი დაედოთ სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე (პრიმა) მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (წამება, ე.ი. პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსიურობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება, პირის დაშინება, იძულება და პირის დასჯა, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის  გამოყენებით, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ).

ეკონომიკის სამინისტრომ უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს იძულებით განაცდური სრულად აუნაზღაურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა მორიგების აქტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, დ.გ.-სა და დ.ჩ.-ს შორის. მორიგების აქტის თანახმად, სამინისტრომ სრულად აუნაზღაურა იძულებითი განაცდური სამსახურიდან გათავისუფლებულ მოსარჩელეებს, ხოლო დ.გ.-მ და დ.ჩ.-მ თავის მხრივ უარი განაცხადეს სამსახურიდან მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობასა და სამსახურში აღდგენაზე. დ.ჩ.-სა და დ.გ.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

გორის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელს იძულებით განაცდური სრულად აუნაზღაურა

2023 წლის 14 დეკემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ დაამტკიცა მორიგების აქტი ააიპ გორის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და გ.წ.-ს შორის. მორიგების აქტის თანახმად სააგენტომ აუნაზღაურა იძულებითი განაცდურის თანხა სამსახურიდან გათავისუფლებულ გ.წ.-ს, ხოლო დასაქმებულმა უარი განაცხადა სხვა სასარჩელო მოთხოვნებზე (სამსახურიდან გათავისუფლებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა). გ.წ.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

„საქართველოს ფოსტა“ ყოფილ თანამშრომელს 25 500 ლარს გადაუხდის

4-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, ყოფილმა თანამშრომელმა შპს „საქართველოს ფოსტას“ შრომითი დავა მოუგო. უზენაესი სასამართლოს განჩინების შესაბამისად,  „საქართველოს ფოსტას“ კომპენსაციის სახით 25 500 ლარის გადახდა მოუწევს. 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი შპს „საქართველოს ფოსტის“ საკასაციო საჩივარი. ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, შესაბამისად - ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა.ბ-ის სარჩელი. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება და შპს „საქართველოს ფოსტას“ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სასარგებლოდ. 

ა.ბ-ის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. 

გორის რაიონულმა სასამართლომ საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმა გააუქმა

2024 წლის 14 თებერვალს გორის რაიონულმა სასამართლომ თ.კ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, ბათილად ცნო შსს საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი 200 ლარიანი საჯარიმო ქვითარი და ზემდგომი ორგანოს დადგენილება თ.კ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელახლა იმსჯელოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

ხელმოწერის გაყალბების გამო თბილისი მერიას საკითხის ხელახლა შესწავლა დაევალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბათილად ცნო თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოქალაქისთვის დაკისრებული ჯარიმა, რომელიც ეხებოდა მოქალაქის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის უკანონოდ დაუფლებას. მ.მ-ს სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ზედამხედველობის მიერ ფოსტით გაგზავნილ საჯარიმო შეტყობინებაზე არსებული ხელმოწერა იყო გაყალბებული და არ ეკუთვნოდა ადრესატს. ქალაქ თბილისის მერიას ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო საკითხის ხელახლა შესწავლა დაევალა. 

არასწორი მკურნალობის გამო სტომატოლოგიური კლინიკის ექიმს უფლებამოსილება შეუჩერდა

2023 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის საფუძველზე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიულმა საბჭომ, მოქალაქის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის დარღვევა დაადგინა. მოქალაქე მ.ხ-მ 2018 წელს მკურნალობისთვის მიმართა ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკას, სადაც მას ჩაუტარდა არასწორი მკურნალობა. 2023 წლის 14 დეკემბრის პროფესიული საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სტომატოლოგიური კლინიკის მკურნალ ექიმს შეუჩერდა პროფესიული უფლებამოსილება 6 თვის ვადით და დაევალა პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. ასევე კლინიკის დირექტორს მიეცა წერილობითი გაფრთხილება. 

საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლისთვის სამინისტროს 67 000 ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად ცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საარსებო, წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბრძანება მოსარჩელის, ო. ს.-ის  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნულ სააგენტოში ო. ს.  2019 წლიდან  იყო დასაქმებული, 2021 წლის ოქტომბრის თვეში კი ის  უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საარსებო, წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაავალა უკანონაოდ გათავისუფლებული თანამშრომლისთვის კომპენსაციის და  იძულებითი განაცდურის თანხის  გადახდა 67 000  ლარის ოდენობით. 

სასამართლომ საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმა გააუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა და ბათილად ცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, რითაც მოხდა მოქალაქის დაჯარიმება 800 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ე. დ.-ს ედავებოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის ავტომობილის გადაცემას.
სასამართლოში დაადგინდა, რომ პიროვნებას არ გადაუცია ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის და ფხიზელ მდგომარეობაში თავად მართავდა მას. 

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოქალაქის სარჩელი ყოფილი მეუღლის მიმართ

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2023 წლის 16 ნოემბერს სრულად დააკმაყოფილა მოქალაქის სარჩელი ყოფილი მეუღლის მიმართ, რომლითაც მოქალაქე ითხოვდა თავის შვილთან ურთიერთიერთობის წესის განსაზღვრას.  ამასთან გადაწყვეტილებაში მიუთითა ბავშვის სურვილის გათვალისწინება და გადაწყვეტილების აღსრულებაში ტრეფიკინგისა და ზრუნვის სააგენტოს აქტიური ჩართულობა. მოქალაქის სმართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. 

ქალი, რომლის მიმართაც ოჯახის წევრები დამცავი ორდერის გამოცემას ითხოვდნენ, თავად აღმოჩნდა ძალადობის მსხვერპლი
 
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 29 თებერვალს თ.შ.-ს ნ.ზ-ს და ზ.შ-ს უარი უთხრა, ოჯახის წევრზე გ.ს-ს მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე და არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა - 9 თვის განმავლობაში აკრძალვოდა მას მეუღლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება. სასამართლოში სხდომაზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის ბენეფიციარი გ.ს. წლების განმავლობაში სისტემატურად იყო ოჯახში დედამთილისა და მამამთილის მხრიდან ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რამაც მის ჯანმრთელობაზეც იქონია გავლენა. 
სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით