სიახლეები

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის - განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

13.04.2024
ფონტის ზომა
სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს „ქართული ოცნების“ მიერ, ქართველი ხალხისთვის არაერთხელ მიცემული დაპირების დარღვევით, ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას.

საქართველოს სტრატეგიულმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ  შორის ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, აშშ-მა, ევროპის საბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ასევე ქვეყანაში აკრედიტებულმა ელჩებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კანონპროექტი დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროპასთან ინტეგრაციის დეკლარირებულ კურსთან შეუთავსებელია. 
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ძირს უთხრის ხალხის მიერ არჩეული ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და დემოკრატიას. ასევე, კანონის მიღება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო მშვიდობას, გამოიწვევს საზოგადოების გახლეჩას და შეზღუდავს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას.

ამასთან, კანონპროექტი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მშვიდობის მშენებლობის პროცესს, რისი წარმატებაც დიდწილად სწორედ საქართველოს ევროინტეგრაციას უკავშირდება.

სამოქალაქო პლატფორმას მშვიდობისთვის, მის წევრ ორგანიზაციებს და ექსპერტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კონფლიქტებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებასა და ნდობის აღდგენაში, ასევე გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების საქმეში, რაც არა უცხო ძალის, არამედ უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხისა და სამშვიდობო პოლიტიკის ინტერესებს ემსახურება. ყველა მოქმედება, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ღიად და გამჭვირვალედ, ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებენ,  სწორედ საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით, ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერით არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ თავად ხელისუფლების მიერ სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში დაარსებული მშვიდობის ფონდი, რომელიც გამოყოფს გრანტებს გამყოფი ხაზის გასწვრივ ეკონომიკური პროექტების მხარდასაჭერად, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მიერ ფინანსდება. 

ნდობის აღდგენისთვის აუცილებელია ხალხთაშორისი კონტაქტების შენარჩუნება და შემდგომი განვითარება, რაც სახალხო დიპლომატიის გამოყენებითაა შესაძლებელი. ამ კონტექსტში, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან არსებულ საკომუნიკაციო არხებს, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა ალტერნატიული მდგრადი დიალოგის ფორმატების არარსებობის ფონზე. 

პლატფორმის წევრი ორგანიზაციებისა და ექსპერტების დიდი ნაწილი სამშვიდობო პროცესში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. კერძოდ, ჩვენ ვართ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შექმნილი „ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და „ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრები, ვთანამშრომლობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შემუშავების პროცესში, რეგულარულად ვიღებთ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეთა შეხვედრებში სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე ვმონაწილეობთ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომებში. 

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სამწუხაროდ, ზემოხსენებულ ფორმატებში პლატფორმის წევრების მონაწილეობა გართულდება, რაც, ჩვენი ღრმა რწმენით, მნიშვნელოვნად დააზარალებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს და უარყოფითად აისახება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობაზე. 

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრინციპს. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ვითხოვთ ინიციირებული კანონპროექტის გაწვევას, ევროინტეგრაციის გზაზე დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებას და დეკლარირებული სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას.  
სიახლეები
Loading...