გუშინ, 16 აპრილს, პოლიციამ 13 მშვიდობიანი ადამიანი დააკავა, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდა და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა. ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით დაკავებულებს იზოლატორებში და ვხვდებოდით მათ, ვესაუბრებოდით, აღვწერდით მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს.
საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დაკავებულთა უმეტესობას ფიზიკური დაზიანების ნიშნები აქვს, ხოლო სამი მათგანი - ამჟამად ჰოსპიტალიზებულია. ისინი აცხადებდნენ, რომ მიუხედავად დაკავებისა თუ დაზიანებისა, გააგრძელებენ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მოვუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევა, უკანონო დაკავებები და მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ყველა დაკავებულის უფლებას. ჩვენ ვემსახურებით ქართველ ხალხს. არც ერთი ადამიანი, რომელიც კანონიერად სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, არ დარჩება სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე.
- არა რუსულ კანონს!
- ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- უფლებები საქართველო (RG)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)