საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხო გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება არის თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების FIDH-ისა და OMCT-ის ერთობლივი პროგრამა „ობსერვატორია უფლებადამცველების დასაცავად“ (Observatory for the Protection of Human Rights Defenders – OMCT-FIDH) და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს კანონის განხილვა, რომელიც ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემას.
პარიზი-ჟენევა-თბილისი, 7 მაისი, 2024 წელი - 2024 წლის 1 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, 83 ხმით 23-ის წინააღმდეგ. კანონპროექტის პირველი განხილვა პარლამენტში მიმდინარე წლის 17 აპრილს გაიმართა. აღნიშნული კანონი, რომელიც შთაგონებულია უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონით, ჯერ კიდევ
2023 წლის თებერვალში დაინიცირდა პოლიტიკური პარტია ხალხის ძალის მიერ საქართველოს პარლამენტში. იმ დროს, პარლამენტმა კანონს მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით, მაგრამ,
მასობრივი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შედეგად, უკან გაიწვია. კანონის საბოლოოდ მისაღებად, პარლამენტმა კანონპროექტი უნდა განიხილოს და მხარი დაუჭიროს მესამე მოსმენით, რაც დაგეგმილია მაისის შუა რიცხვებში. ამის შემდგომ, კანონს ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა
განაცხადა, რომ ის ვეტოს დაადებს აღნიშნულ კანონს. მიუხედავად ამისა, პარლამენტს შეუძლია მისი დაძლევა.
კანონის მიღების შემთხვევაში, მკაცრი შეზღუდვები დაუწესდებათ სამოქალაქო საზოგადოებრივ და მედია ორგანიზაციებს, ვინაიდან, კანონის თანახმად, ყველა ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს საზღვარგარეთიდან, უნდა დარეგისტრირდეს როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. 2023 წელს ინიცირებულ პირველად ვერსიაში გამოყენებული იყო ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტები.“ ამ ტერმინოლოგიური ცვლილების გარდა, კანონპროექტის შინაარსი, ძირითადად, უცვლელი დარჩა. უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს დაეკისრებათ იუსტიციის სამინისტროს დასტურის მიღებისა და ანგარიშგების მკაცრი ვალდებულებები, რასაც შესაძლოა მოჰყვეს უკანონო გამოძიების ჩაატარება ორგანიზაციის დოკუმენტების შესასწავლად. თუ ორგანიზაცია ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ადმინისტრაციული ჯარიმის სახით დაეკისრება 25000-მდე ლარის გადახდა.
კანონს მტკიცედ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საზოგადოება, იმართება ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები 3 აპრილის შემდეგ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა კანონპროექტის ხელახლა განხილვაში დაბრუნების შესახებ. ევროპის პარლამენტმა, თავის 25 აპრილის
რეზოლუციაში გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ ამ კანონის მიღებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო 2023 წლის დეკემბერში.
საპროტესტო აქციებს მოყვა ფართომასშტაბიანი ძალადობა პოლიციის მხრიდან, რის შედეგადაც გაიზარდა შეკრების თავისუფლების დარღვევის ფაქტები. 16 და 17 აპრილის საპროტესტო აქციების დროს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა დააფიქსირა არაპროპორციული ძალისა და სპეციალური საშუალებების უკანონოდ გამოყენების ფაქტები. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა 30 აპრილის და 1 მაისის დემონსტრაციებზე - მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტის მეორე მოსმენა გამართა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. ასევე, უკანონოდ,
ადმინისტრაციული წესით დააკავეს მომიტინგეები, რომლებიც დაკავების დროს და შემდეგ იზოლატორებში გახდნენ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი.
ერთი მხრივ, საქართველოს შემზღუდავ კანონს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის იმეორებს რუსულ უცხოეთის აგენტების კანონს, რომელსაც იყენებს რუსეთის მთავრობა კრიტიკული ხმების ჩასახშობად. ამავდროულად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის პარლამენტში ხელახალი განხილვა ემთხვევა ყირგიზეთში პრეზიდენტის მიერ „უცხოეთის წარმომადგენლების” შესახებ კანონის
ხელმოწერას, რომელიც აწესებს იგივე შეზღუდვებს. 2023 წლის სექტემბერში, არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალური რეგისტრაციისა და გამჭვირვალობის შესახებ მსგავსი კანონი მიიღო პირველი მოსმენით რესპუბლიკა სრბსკას ეროვნულმა საბჭომ ბოსნია ჰერცოგოვინაში.
აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან უცხოეთის აგენტების შესახებ კანონები ასახავს ხელისუფლებების სურვილს, სამოქალაქო საზოგადოება წარმოაჩინოს შიდა მტრად, რისი მიზანიცაა არამარტო გააჩუმოს კრიტიკული ხმები, არამედ მოახდინოს მათი სტიგმატიზირება და დისკრედიტაცია. უფლებადამცველების მიმართ გაზრდილი ფარული მოსმენების, ძალადობისა და ზეწოლის, შემზღუდავი რეგულაციების შემოღების ფონზე, საქართველო მიდის „ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ნეგატიური ნარატივის სტრატეგიული განვითარების“ გზით, როგორც ეს ნათქვამია უფლებადამცველების მდგომარეობის შესახებ სპეციალური მომხსენებლის
ანგარიშში, რომელიც მომზადდა საქართველოში 2023 წლის ნოემბერში მისი ვიზიტის შემდეგ.
ობსერვატორია და ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი და მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვას ქვეყანაში ადამიანის უფლებების რეგიონული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. უფრო კონკრეტულად, როგორც ეს გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 და 22-ე მუხლებით, რომელთა ხელმომწერიც არის საქართველოს სხელმწიფო.
****
უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია (ობსერვატორია) შეიქმნა 1997 წელს წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციისა (OMCT) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) მიერ. აღნიშნული პროგრამის მიზანია უფლებადამცველთა წინააღმდეგ რეპრესიების თავიდან აცილება ან ასეთი რეპრესიული მდგომარეობის გამოსწორება. როგორც OMCT, ასევე FIDH არის
ProtectDefenders.eu-ს წევრი, რომელიც არის ევროპის კავშირის უფლებადამცველთა მექანიზმი, და რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება.
ადამიანის უფლებათა ცენტრი დაარსდა 1996 წელს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და მშვიდობის დაცვას საქართველოში. ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს ადამიანის უფლებების დარღვევების მონიტორინგს და ახდენს მათ დოკუმენტირებას; ადგილობრივ დონეზე ახორციელებს ადვოკატირებას და უფასო იურიდიულ დახმარებას.
წყარო:
fidh.org