სიახლეები

საქართველო: შეწყდეს პოლიციის მხრიდან სისასტიკე და ეფექტურად იყოს გამოძიებული წამების სავარაუდო ფაქტები

24.05.2024
ფონტის ზომა

გაერთიანებული კონსორციუმი წამების წინააღმდეგ (UATC), ადგილობრივ წევრ ორგანიზაციებთან ერთად, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაასრულოს ძალადობა აქციების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, სწრაფად და მიუკერძოებლად გამოიძიოს აქციის მონაწილეთა და დაკავებულთა მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი წამების და არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტი, სადაც არსებობს სანდო მტკიცებულებები; შექმნას მსგავსი ფაქტების  პრევენციის გარანტიები სამომავლოდ და უფლებადარღვეული პირები უზრუნველყოს კომპენსაციით. 

საქართველოში, 2024 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან, მშვიდობიან დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობრივი თავდასხმის დროს, დააკავეს სულ მცირე 300 ადამიანი, მაშინ, როცა მოქალაქეები აპროტესტებდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პარლამენტში ხელახლა ინიციირებას. UATC-ის წევრი და პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოში საკუთარ ანგარიშებში წერენ, რომ საპროტესტო აქციების ათობით მონაწილე სასტიკად სცემეს ნიღბიანმა პოლიციელებმა დაკავების და იზოლატორში გადაყვანის დროს. 12 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციამ, რომლის წევრებიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ პროტესტის მონაწილეებს, ზოგიერთ შემთხვევას წამების კვალიფიკაცია  მიანიჭა. საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა მოახდინეს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უკანონო, გადაჭარბებული ძალის გამოყენების, მათ შორის - ცრემლსადენი გაზის, ხმოვანი/სინათლის ყუმბარის, წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლის გამოყენების დოკუმენტირება. 

აქტივისტების განცხადებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები, და საპროტესტო აქციის დროს გადაღებულ ზოგიერთ ფოტოში ჩანს თურქული სამხედრო წარმოების თურაჩის წარმოების ტყვიის კარტრიჯები. UTAC-ის წევრი და ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების საკითხებში ექსპერტი ორგანიზაციის, კვლევითი ფონდის - ომეგას შეფასებით სამართალდამცველებმა არასდროს უნდა გამოიყენონ დიდი რაოდენობით ტყვიები. მსგავსი კინეტიკური ზეგავლენის ტყვიები არაზუსტია და მათი გამოყენება არ შეესაბამება ნაკლებად ლეტალური იარაღის შესახებ გაეროს გაიდლაინს, ან სამართალდამცავი სისტემისთვის გაეროს 2024 წელს მიღებულ პროტოკოლს.

პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი დაშლის პარალელურად აქციის ცალკეულ მონაწილეებზე განხორციელდა თავდასხმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანების მხრიდან. ასევე, დანაშაულებრივად დააზიანეს აქტივისტების სახლები და ოფისები, სადაც გააკეთეს სიძულვილის შემცველი წარწერები, განახორციელეს მუქარის სატელეფონო ზარები, მათ შორის დაურეკეს ზოგიერთი აქტივისტის შვილს. 

„2007 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ ეს იყო პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებზე ყველაზე მასობრივი ძალადობრივი თავდასხმა,“ - განაცხადა ლელა ცისკარიშვილმა, UATC-ის წევრი ორგანიზაციის - წამების მსხვერპლთა საერთაშორისო რეაბილიტაციის საბჭოს (IRCT) ყოფილმა პრეზიდენტმა და საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელმა დირექტორმა, - „ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ვხედავდით წამების ფაქტების კლებას საქართველოში. ამჟამინდელი მოვლენები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, აქტივისტების და ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის გარდა, ვხედავთ ფიზიკურ ძალადობას და სასტიკ მოპყრობას მმართველი პარტიის ოპონენტების გასაჩუმებლად და დასაშინებლად.“

„რუსული კანონი,“ როგორც მას საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეები უწოდებენ კრემლის მიერ მხარდაჭერილ კანონებთან მსგავსების გამო და რომელიც რუსეთში ბოლო ათი წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად გამოიყენება (იგივე - უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი) ავალდებულებს მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები“ იმ შემთხვევაში, თუ წლიური ბიუჯეტის 20%-ზე მეტს იღებენ საზღვარგარეთიდან და წარადგინონ ანგარიშები იუსტიციის სამინისტროში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ მზარდი ჯარიმების გადახდა. 18 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონს ვეტო დაადო, მაგრამ საბოლოოდ მხარდასაჭერად კანონი პარლამენტში დაბრუნდება. 

ცისკარიშვილი შიშობს, რომ კანონის იმპლემენტაცია მყისიერ საფრთხეს შეუქმნის წამების, ოჯახში ძალადობის და სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა და სამართლებრივი დევნის მსხვერპლი უფლებადამცველბის შესახებ კონფიდენციალურ სამედიცინო ინფორმაციას. წამება აკრძალულია საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით და სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებული გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციით და ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით. 

გაერთიანებული კონსორციუმი წამების წინააღმდეგ (UATC)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

UATC არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც აერთიანებს წამების საწინააღმდეგო ექვსი საერთაშორისო ორგანიზაციის (APT, FIACAT, IRCT, Omega Research Foundation, REDRESS, and OMCT) ძალას და ექსპერტიზას, 200-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და სხვა პარტნიორებს 100-ზე მეტ ქვეყანაში. კონსორციუმის მიზანია გააძლიეროს და გააფართოოს წამების პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა, რეაბილიტაცია და სტრატეგიული სამართალწარმოება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: Hugh Macleod მეილზე: hml@irct.org / Eugenia Andreyuk მეილზე: ean@omct.org


სიახლეები