ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი - „რეპრესიული კანონი და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების სტიგმატიზაცია“. დოკუმენტი მიმოიხილავს 2024 წლის 28 მაისს დამტკიცებულ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ მაინც მიიღო, საზოგადოების მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თავისი შინაარსით არის რუსული, რადგან ის ანალოგიურ ავტორიტარულ ინსტრუმენტებს იყენებს სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად. ამავე დროს, კანონი ეწინააღმდეგება, საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს და ა.შ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, რუსული კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია კონსტიტუციით გარანტირებულ პროდასავლურ კურსსა და დემოკრატიულ ღირებულებებს. ერთი მხრივ, მან არ გაითვალისწინა საერთაშორისო სასამართლოების მიერ მსგავს კანონებთან დაკავშირებით უკვე მიღებული კრიტიკული გადაწყვეტილებები, ხოლო, მეორე მხრივ, უგულებელყო ვენეციის კომისიის ვრცელი განმარტებები და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები კანონის გაუქმების საჭიროებასთან დაკავშირებით.
კანონთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იარლიყების მიკვრით, ორგანიზაციების სტიგმატიზაციაა. ორგანიზაციის გამოყოფა იმ ნიშნით, თითქოს, ის უცხოური ინტერესების გამტარებელი იყოს, ერთი მხრივ, რეპუტაციას ულახავს მას, მეორე მხრივ კი, უნდობლობას აჩენს მის მიმართ მაშინ, როცა, რეალურად, პირიქით, მრავალფეროვანი ფინანსები მის მაქსიმალურ დამოუკიდებლობას უწყობს ხელს.
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის წარმოება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასევე, ვენეციის კომისიის მოსაზრებით, რეპრესიულ კანონს მხოლოდ მსგავსი იარლიყების მიმაგრებითაც კი შეუძლია, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გამოუთხაროს ძირი სამიზნე ორგანიზაციებს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მოიცავს სხვადასხვა რეპრესიულ მექანიზმებს. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ორგანიზაციის შემოსავალი უცხოეთიდან, მისი მონიტორინგის პროცესი შესაძლოა, მაინც დაიწყოს და მას პერსონალური მონაცემების, მათ შორის, სქესობრივი ცხოვრების შესახებ ან სხვა სენსიტიური მონაცემის გადაცემა დაევალოს. ამ მოთხოვნის ვალდებულების შესრულება აქვთ - ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს, ორგანოებს და დაწესებულებებს, ხოლო ამგვარი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმები.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, გამჭვირვალობის ნაცვლად, კანონის რეალური მიზანი კრიტიკული ხმის ჩახშობაა. ის აჩენს ობიექტურ რისკს ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. მით უფრო მაღალია ასეთი რისკები იმ ორგანიზაციებისა და მედიების შემთხვევაში, რომლებიც მთავრობის მიმართ კრიტიკულ მოსაზრებებს გამოხატავენ.
მისამართი: თბილისი, აკაკი გახოკიძის 11ა, 0 სართული.
ანალიტიკური დოკუმენტი მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის ფარგლებში - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი“, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).
hrc.ge/files/328repreciuli%20kanoni%20geo.pdf