სიახლეები

ერთობლივი განცხადება - უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია / ადამიანის უფლებათა ცენტრი

26.06.2024
ფონტის ზომა

 უფლებადამცველების მდგომარეობის სერიოზული გაუარესება საქართველოში

ბოლო წლებში, საქართველოში უფლებადამცველების მიმართ გაიზარდა მუქარის და ძალადობის ფაქტები, რასაც ამძაფრებდა მათ წინააღმდეგ მთავრობის და მაღალი თანამდებობის პირების მტრული რიტორიკა. საერთო მიმართვაში, უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია (OMCT-FIDH) და ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობენ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობის გაუარესების ფაქტს და მოუწოდებენ სახელმწიფო ორგანოებს, უზრუნველყონ  უფლებადამცველებზე განხორციელებული თავდასხმების ეფექტური, დროული და ობიექტური გამოძიება და აღკვეთონ მათი შევიწროებისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება..

პარიზი-თბილისი - 26  ივნისი, 2024 წელი: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  საქართველოში უფლებადამცველებზე ხორციელდებოდა თავდასხმები, მათ შორის, მათ წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანიისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან წარმართული „შიდა მტრის“ დისკურსის შედეგად. სიტუაცია განსაკუთრებით გაუარესდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შემდეგ, რის შედეგადაც იგი საბოლოოდ იქნა მიღებული 2024 წლის 28 მაისს. ამ კანონმდებლობას, რომელიც უხეშად ზღუდავს ქვეყანაში სამოქალაქო სივრცეს, დიდი საპროტესტო აქციები მოყვა, რომელსაც, თავის მხრივ, პოლიციის მასშტაბური ძალადობა დაუპირისპირდა.

ამავდროულად, რამდენიმე შემთხვევაში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული არაიდენტიფიცირებული პირები თავს დაესხნენ აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და მათი ოჯახის წევრებს; ასევე - დატოვეს სიძულვილის გამომხატველი გრაფიტი არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების შენობებზე, უფლებადამცველების სახლებსა და მანქანებზე.

სხვა მრავალ ფაქტს შორის, ობსერვატორია და ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობენ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებს, რომლებიც ასახავს მიმდინარე ძალადობას:

5 მაისს, ლადო აფხაზავას - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, რომელიც აქტიურად აკრიტიკებდა „უცხოეთის აგენტების“ კანონს, საკუთარ სახლთან, საკუთარი შვილის თანდასწრებით სცემა რამდენიმე ადამიანმა.

7 მაისს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს, თავს დაესხნენ თბილისში შვედეთის საელჩოს მიმდებარედ, სადაც ის ინტერვიუს აძლევდა ტელეკომპანია „ფორმულას“. მოძალადეები თავს დაესხნენ  ტელევიზიის გადამღებ ჯგუფსაც.

 8 მაისს, აქტივისტს და რუსული კანონის წინააღმდეგ ბაიკერების მარშის ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, თავს დაესხნენ სახლთან ახლოს და სასტიკად სცემეს.

11 მაისს, „თბილისი პრაიდის” თანადირექტორის, ანა სუბელიანის 73 წლის მამას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დამნაშავეთა მიერ მიყენებული დაზიანებების გამო, მას დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. 

ბოლო შემთხვევა მოხდა 11 ივნისს, როცა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრს და აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს, სამი კაცი დაესხა თავს საკუთარი სახლის შესასვლელთან, სადაც მას მანქანით ელოდებოდნენ.

ამის გარდა, სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა და გამოძიება დაიწყო საპროტესტო აქციების რამდენიმე მონაწილისა და ცნობილი ბლოგერის და აქტივისტის - უჩა აბაშიძის წინააღმდეგ. ოპოზიციური მედიის ჟურნალისტები გახდნენ სპეცრაზმის მხრიდან ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლნი საპროტესტო აქციების გაშუქების დროს.

უფრო მეტიც - 7 მაისის შემდეგ, უფლებადამცველები, მათ შორის - ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი და ორგანიზაციის თანამშრომლები, აქტივისტები და მათი ოჯახის წევრები მუდმივად იღებენ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს დაუდგენელი ნომრებიდან. აღნიშნული ფაქტი დაემთხვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - შალვა პაპუაშვილის განცხადებას, სადაც მან ისაუბრა მონაცემთა სპეციალური ბაზის შექმნაზე, იმ პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე, რომლებიც „ჩართულები არიან ძალადობაში, სხვა უკანონო ქმედებებში, მუქარის და შანტაჟის ფაქტებში, ან საჯაროდ იწონებენ მსგავს ქმედებებს,“ - რის სამიზნესაც წარმოადგენენ მიღებული კანონის კრიტიკოსები.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისების ფასადებზე, უფლებადამცველების და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებზე გაკრულია პოსტერები, სადაც უფლებადამცველები „უცხოეთის აგენტებად“ არიან მოხსენიებულნი. ასევე - სამოქალაქო საზოგადოების ოფისების ფასადებზე დაწერილია სიძულვილის შემცველი გრაფიტი. მაგალითად, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ოფისში ვანდალიზმი ორჯერ განხორციელდა: პირველ ჯერზე, შესასვლელ კარებზე განათავსეს სალანძღავი სიტყვების (როგორიცაა „აგენტურა“, „ქვეყნის დამანგრევლები“) შემცველი პოსტერები, რომლებზეც გამოსახულნი იყვნენ უფლებადამცველი ორგანიზაციების - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, „საფარის“  და „უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორები. ხოლო მეორე ჯერზე, შენობაზე დატანილ იქნა შეურაცხმყოფელი გრაფიტი. მსგავსი თავდასხმები განხორციელდა სხვა უფლებადამცველების მიმართაც, რომელთა შორის არიან: ყოფილი სახალხო დამცველი და „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი - ნინო ლომჯარია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი - ეკა გიგაური და „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი და უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს:

■   უზრუნველყონ უფლებადამცველებსა და მათი ოჯახების წევრებზე ფიზიკური თავდასხმების, ქონების დაზიანების და მათ წინააღმდეგ მიმართული დევნის ფაქტების ეფექტური, დროული და ობიექტური გამოძიება; 

  უზრუნველყონ სამართალდამცველთა მხრიდან უფლებადამცველების, მათი ოჯახის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების და ძალადობის ფაქტების ეფექტური, დროული და ობიექტური გამოძიება;

■გამოიძიონ უფლებადამცველებთან და მათი ოჯახების წევრებთან განხორციელებული მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების წარმომავლობა;

■ აღკვეთონ უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წევრების, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მათი ოჯახების წევრების შევიწროებისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება.

■უზრუნველყონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და აღასრულონ საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები;

■აღასრულონ საქართველოს ვალდებულებები უფლებადამცველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და პატივი სცენ მათი უფლებების ლეგიტიმურ რეალიზაციას უფლებადამცველების შესახებ გაეროს დეკლარაციის შესაბამისად.

უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია (ობსერვატორია) შეიქმნა 1997 წელს წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციისა (OMCT) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) მიერ. აღნიშნული პროგრამის მიზანია უფლებადამცველთა წინააღმდეგ რეპრესიების თავიდან აცილება ან ასეთი რეპრესიული მდგომარეობის გამოსწორება. OMCT და FIDH არიან ევროპის კავშირის უფლებადამცველთა მექანიზმის -  ProtectDefenders.eu- წევრები, რომლის იმპლემენტაციასაც საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება ახორციელებს

ადამიანის უფლებათა ცენტრი დაარსდა 1996 წელს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და მდგრადი მშვიდობის დაცვას საქართველოში. ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს ადამიანის უფლებების დარღვევების  მონიტორინგს და ახდენს მათ დოკუმენტირებას, ახორციელებს უფასო იურიდიულ დახმარებას და, პოლიტიკისა და კანონშემოქმედების პროცესებზე გავლენის მოსახდენად, ჩართულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ადვოკატირებაში.

http://hrc.ge/files/331Joint Statement HRDs in Georgia geo.pdf

სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით

Loading...