ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე - “ ნ.ო საქართველოს წინააღმდეგ“ და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას.
საქმე შეეხება ნ.ო.-ს 24 წლის ქალიშვილის ე.ნ.-ს გარდაცვალებას, რომელიც 2017 წლის 18 ოქტომბერს იპოვეს გარდაცვლილი მისი მეუღლის სახლში. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, გამოძიება ბოლომდე არ დასრულდა. არაერთი საყურადღებო გარემოების და ურთიერთშეუსაბამობის მიუხედავად, სამართალდამცავმა უწყებებმა ვერ გამოავლინეს შესაძლო პასუხისმგებელი პირი/პირები.
2019 წლის 28 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით გარდაცვლილი ე.ნ.-ს დედამ ნ.ო.-მ წარადგინა საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც მოითხოვდა დადგენილიყო სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევა მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშაულების უფლება) მუხლთან კავშირში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში საგამოძიებო ორგანომ ვერ შეძლო გამოეკვლია ყველა გონივრული საგამოძიებო ვერსია და უწყების მხრიდან ადგილი ჰქონდა აუხსნელი უმოქმედობის მნიშვნელოვან პერიოდს, რამაც გამოწივია საქმეზე ხანდაზმულობის ვადების გასვლაც. გამოძიების ადეკვატური ტემპით წარმართვის აშკარა წარუმატებლობა, რომელიც არ არის გამართლებული არც მისი სირთულით და არც სხვა ობიექტური სირთულეებით, და სათანადო გულმოდგინების ნაკლებობა რიგი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, აშკარად არ შეესაბამება შიდასახელმწიფოებრივ მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული მონდომება და ენერგიულობა ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიებისას. აღნიშნული კი შეიძლება ჩაითვალოს როგორც საგამოძიებო ორგანოს მხრიდან აშკარა ნების არ ქონა ე.ნ.-ს გარდაცვალების შესახებ სიმართლის დადგენაში. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ ჩაატარა ეფექტური გამოძიება წინამდებარე საქმეში.