სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (2024 წლის მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი)

11.07.2024
ფონტის ზომა

სტრასბურგის  სასამართლომ 20-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულების სასარგებლოდ სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დააკისრა

7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.  სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებულ სარჩელზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების დარღვევა დაადგინა. ამასთან, სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ თითოეული დაზარალებულისათვის, სახელმწიფოს 5 000 (ხუთი ათასი)  ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ მუხლებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება.

სასამართლომ გადაწყვეტილება 26 პირის საქმეზე მიიღო, საიდანაც 4 პირის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

სამოქალაქო აქტივისტები სასამართლომ სრულად გაამართლა 

სამოქალაქო აქტივისტებს თ.ნ.-ს და ა.ფ.-ს 14 მაისს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ყოფნის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენას. შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თ.ნ.-ს და ა.ფ.-ს სამართალდამრღვევად ცნობა. 

ივნისის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და ორივე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, თ.ნ.-ს და ა.ფ.-ს მიმართ სრულად შეწყვიტა ადმინისტრაციული საქმების წარმოება, რის საფუძველზეც ისინი სრულად გათავისუფლდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან.

სამოქალაქო აქტივისტების სამართლებრივ ინტერესებს, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავდა.

წამების მსხვერპლ ყოფილ პატიმარს სახელმწიფო  კომპენსაციას გადაუხდის

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 აპრილს გამოაცხადა გადაწყვეტილება დ.გ.-ს საქმეზე. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა და პენიტენციურ სამსახურს 5000 ლარის კომპენესაციის გადახდა  დაეკისრა. საქმე ეხებოდა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

დ.გ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში წლების განმავლობაში არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა. დ. გ. 2013 წლის 5 აგვისტოს   სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულების თანამშრომლების მიერ ამავე დაწესებულების პატიმართა წამების ფაქტზე ცნობილ იქნა დაზარალებულად. საქმის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელდა დ.გ.-ს ცემა-წამება, რის შედეგადაც დაზარალებულს მიყენებული აქვს ფიზიკური და მორალური სახის ზიანი. 

საჯარო სკოლას თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და  იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა

გ. ფ. წლების განმავლობაში დასაქმებული იყო სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლაში, დარაჯის პოზიციაზე. 2022 წელს გ. ფ.  სკოლის დირექტორმა სამსახურიდან უკანონოდ  გაათავისუფლა. გათავისუფლების შესახებ მიღებულ ბრძანებაში მიზეზად მითითებული იყო არარსებული ფაქტები. დაზარალებულმა სასამართლოს მიმართა, სენაკის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სასარჩელო მოთხოვნა და  სკოლის დირექტორს მისი სამსახურში აღდგენა დაავალა. 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და გ. ფ.-ს უარი უთხრა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. გ. ფ.-ს შრომით დავაზე ივნისის თვეში უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი. უზენაესმა სასამართლომ საჯარო სკოლას დაავალა გ. ფ.-ს სამსახურში აღდგენა, ასევე იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურება

სასამართლომ საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმა გააუქმა

2024 წლის 1 მარტს გორის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ.გ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი შსს-ს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ მის მიმართ გამოწერილი 200-ლარიანი საჯარიმო ქვითარი. ბათილად იქნა ასევე ცნობილი შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის დადგენილება გ.გ.-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 

სასამართლომ დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახლა იმსჯელოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

გორის სამხედრო ჰოსპიტალს უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლისთვის კომპენსაციის და განაცდურის ნაწილის გადახდა დაეკისრა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის განჩინებით, თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამაშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ამავე ჰოსპიტლის ყოფილი თანამშრომლის ქ.მ.-ს სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ჰოსპიტლის დირექტორის ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დამსაქმებელს დაეკისრა როგორც კომპესაციის გადახდა დასაქმებულის სასარგებლოდ, ისე განაცდურის ნაწილის ანაზღაურება გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.

გორის მუნიციპალიტეტის მერიას სასაფლაოს მიმდებარედ არსებული 26000 კვ.მ.-ზე მეტი ტერიტორიის სამშენებლო/ინერტული ნარჩენებისაგან დასუფთავება დაევალა

2024 წლის 19 აპრილს გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ალექსი მერებაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი. გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საშენებლო/ინერტული ნარჩენებისაგან დაასუფთაოს გორის მუნიციპალიტეტის სასაფლაოს მიმდებარედ არსებული 26000 კვ.მ.-ზე მეტი ტერიტორია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2022 წლის აგვისტოს თვიდან ცდილობს, დაავალოს მერიას, მოაწესრიგოს ტერიტორია და მოახდინოს სტიქიურად მოწყობილი ნაგავსაყრელის ლიკვიდაცია. 

მიუხედავად არაერთი დაპირებისა, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ არათუ დაასუფთავა ტერიტორია, პირიქით, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო კომპანიები (და არა მხოლოდ) კვლავ აგრძელებდნენ ინერტული ნარჩენების განთავსებას ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს როგორც დასახლებული პუნქტის, ისე ქალაქის სასაფლაოს მიმდებარედ. მერია დაჯარიმდა კიდეც გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

2023 წლის ივნისის თვეში ადამიანის უფლებათა ცენტრი იძულებული გახდა მიემართა გორის რაიონული სასამართლოსათვის, რათა მას დაევალებინა გორის მუნიციპალიტეტის მერიისათვის კონკრეტული ტერიტორიის დასუფთავება.

ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი განისაზღვრა 

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოქალაქის სარჩელი ყოფილი მეუღლის მიმართ, რომლითაც მოქალაქე ითხოვდა თავის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას.  საქმეზე ბოლო სხდომა გაიმართა 2024 წლის 27 მაისს. მხარეები შეთანხმდნენ ბავშვებთან ურთიერთობის წესის შესახებ.  ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი. 

მამას განესაზღვრა შვილების ნახვის დღეები.  სასამართლოს გადაწყვეტილებით მამას დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თვეში 750 ლარის ოდენობით

ყოფილ მეუღლეებს შორის სამართლებრივი დავა მორიგებით დასრულდა

2024 წლის 4 მარტს  შედგა ნ.ს-ს  სამოქალაქო საქმის განხილვა შვილების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და  მამის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ. მამამ თანხმობა განაცხადა მორიგებაზე. მან წარმოადგინა სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა შვილებისთვის, საზღვარგარეთის პასპორტების გაცემასა და მათი საზღვარგარეთ გაყვანის შესახებ. ასევე თანხმობა განაცხადა შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი. მამას განესაზღვრა შვილების ნახვის დღეებიც.  

სიახლეები
Loading...