სიახლეები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

23.08.2024
ფონტის ზომა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დევნას, მართლმსაჯულების საკითხების პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის გამოყენებას.

მმართველმა პარტიამ 2024 წლის 20 აგვისტოს გაავრცელა განცხადება და დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ ნარატივებთან ერთად გააკრიტიკა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა არეშიძის მიერ “ხორავას ქუჩის საქმეზე“ გამოტანილი განაჩენი. აღნიშნული განაჩენით მოსამართლე არეშიძემ სრულად არ გაიზიარა პროკურატურის მიერ საქმეზე წარდგენილი ბრალდება. სწორედ ეს გარემოება გახდა მმართველი პარტიის მხრიდან მოსამართლის კრიტიკის საფუძველი.

“ქართული ოცნების” მხრიდან აღნიშნული ბრალდებების დაუსაბუთებლობაზე ნათლად მიუთითებს ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შედეგების შესახებ მმართველი პარტიის მიერ დაინიცირებული და მხარდაჭერილი დადგენილება. დადგენილების მხარდაჭერით “ქართულმა ოცნებამ” ირიბად დაადასტურა, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო მართებული. კერძოდ, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საქმეზე „არ არის ჩატარებული ან დაგვიანებით არის ჩატარებული ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები“. დასკვნაში აგრეთვე პირდაპირ არის გაცემული რეკომენდაცია, რომ „საქართველოს პროკურატურამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავიანთ უწყებებში ჩაატარონ სამსახურებრივი შემოწმება, რათა, არსებობის შემთხვევაში, გამოკვეთონ კანონდარღვევა გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდან და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“.

აღსანიშნავია, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიზანში ამოიღო მოსამართლე, რომელსაც რამდენჯერმე აქვს დაფიქსირებული განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრება სასამართლოში განვითარებულ პროცესებსა თუ მიმდინარე რეფორმებზე. მოსამართლე ეკა არეშიძე არის კონსტიტუციური სარჩელის თანაავტორიც, რომლითაც გასაჩივრდა 2021 წლის დეკემბრის უკიდურესად კრიტიკულად შეფასებული ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.

განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებზე პოლიტიკური თავდასხმები “ქართული ოცნების” ხელწერად იქცა. მაგალითად, მიმდინარე წელს ირაკლი კობახიძემ არაკეთილსინდისიერი უწოდა უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ იმ მოსამართლეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ევროკომისიის რეკომენდაციას, ქვეყანაში შეიქმნას  მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინალური მექანიზმი.

20 აგვისტოს განცხადება ნათელი მაგალითია, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა არ ერიდება განსხვავებული აზრის ან პოზიციის მქონე მოსამართლეებზე ზეწოლას, მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციასა და მოსამართლეთა გარევას შეთქმულების თეორიებში

სიახლეები
Loading...