სიახლეები

საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესზე გავლენა მოახდინა ძალადობრივმა ინციდენტებმა და დარღვევებმა - ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასება

26.10.2024
ფონტის ზომა

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესზე გავლენა მოახდინა მთელ რიგ საარჩევნო უბნებზე მომხდარმა ძალადობრივმა ინციდენტებმა და დარღვევებმა, რაც ორგანიზაციის დამკვირვებლებმა კენჭისყრის მიმდინარეობისას გამოავლინეს ან სხვადასხვა ღია წყაროებიდან გახდა ცნობილი. 

ადმიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ ძალადობრივ ინციდენტებზე და დარღვევებზე სრულად არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“, რომლის წარმომადგენლები, უმეტესწილად, იყვნენ სწორედ პროვოკაციული, უკანონო და ძალადობრივი ქმედებების ინიციატორები ან აქტიური მონაწილეები. 

ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ცენტრი კენჭისყრის დღეს მომხდარ დარღვევებს განიხილავს წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან და შემაშფოთებელ ტენდენციებთან ერთობლიობაში. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფოს ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების უკანონოდ გამოყენების ფაქტებმა, ოპოზიციური პარტიების  დისკრედიტაციამ და პოლარიზაციის გაღრმავებამ, მედიის, არასამთავრობო სექტორის, მათ შორის - სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მტრული გარემოს შექმნამ დიდი გავლენა მოახდინა მთლიან საარჩევნო პროცესზე, მათ შორის - კენჭისყრის დღეზე.

კენჭისყრის მიმდინარეობისას არაერთ საარჩევნო უბანზე გამოვლენილი ძალადობრივი ინციდენტები და მმართველი პარტიის წარმომადგენლების უკანონო ქმედებები არის წინასაარჩევნო პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ აღწერილ დარღვევებსა თუ უკანონო ქმედებებზე საგამოძიებო ორგანოების და სასამართლოების მხრიდან ნულოვანი რეაგირების, შესაბამისად - ძალადობის, უკანონობის წახალისების შედეგი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის სადამკვირვებლო მისია

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებს კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში დააკვირდა. ცენტრის მონიტორები განაწილდნენ საგარეჯოს, გარდაბნის, მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში. დღის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა ცენტრის სათავო ოფისმა ინფორმაცია მიიღო დამკვირვებლებისგან, რომლებიც იმყოფებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუღანლო, ლამბალო, ქეშალო, დუზაგრამა; ქალაქ მარნეულში და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ყიზილაჯლო და საბირქენდი; ქალაქ გარდაბანში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ვახტანგისი, ნაზარლო, ქესალო, აღთაკლია; ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში: დიცი და აძვი.

კენჭისყრის პროცესზე დაკვირვება ადამიანის უფლებათა ცენტრმა განახორციელა როგორც სტატიკური დამკვირვებლების, ისე მობილური ჯგუფების მეშვეობით. მთელი დღის განმავლობაში ორგანიზაციის 20 მონიტორი დააკვირდა არჩევნების სხვადასხვა ეტაპებსა და პროცედურებს. ამ დროისათვის დამკვირვებლები ხმის დათვლას და შემაჯამებელი ოქმების შევსებას აკვირდებიან, რის შემდეგაც ორგანიზაციის იურისტები საჩივრებით მიმართავენ საოლქო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიების მიერ გამოტანილ დაუსაბუთებელ და არასამართლიან გადაწყვეტილებებს ცენტრის იურისტები სასამართლოებში გაასაჩივრებენ. არც ერთი დარღვევა არ დარჩება რეაგირების გარეშე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით დააკვირდა. თავის მხრივ, არჩევნებს საქართველოში ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის საერთაშორისო დამკვირვებლებიც დააკვირდნენ. მათ უწყვეტი კავშირი ჰქონდათ ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისთან. საერთაშორისო დამკვირვებლების ჯგუფი ამჟამად რჩება საარჩევნო უბნებზე და აგრძელებს ხმის დათვლის პროცესის დაკვირვებას. მათთან ერთად იმყოფება ადამიანის უფლებათა ცენტრის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

დარღვევები და ტენდენციები

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა 20:00 საათისთვის დაწერეს 11 საჩივარი და 26 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.

მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ხმის მიცემისას კაბინაში ბიულეტენზე ფოტოების გადაღების რამდენიმე ფაქტი, რაც კანონით აკრძალულია. ცენტრის დამკვირვებლების მითითებით, გარდაბანში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩევლებს უკანონოდ გადაღებული ფოტოები წააშლევინა. მარნეულის და საგარეჯოს საარჩევნო უბნებზე კი ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საჩივრები დაწერეს. 

მარნეულში, 22-ე ოლქის, მე-12 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის დაშინების ფაქტს ჰქონდა ადგილი. საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა პირებმა მოქალაქეს არ მისცეს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და აგრესიული ქმედებით საარჩევნო უბანში შესვლა აუკრძალეს.  

საგარეჯოს სოფელ ლამბალოს 36-ე, 37-ე და 38-ე უბნები სკოლის შენობის სხვადასხვა მხარეს არის გახსნილი. სკოლის ეზოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განსაკუთრებული აქტიურობა დაფიქსირდა. მათ ამომრჩევლების პირადობის მოწმობები ხშირ შემთხვევაში თვითონ ჰქონდათ შეგროვებული, ხოლო ამომრჩევლები მოჰყავდათ მანქანებით, გარეთ ელაპარაკებოდნენ, აძლევდნენ პირადობის მოწმობას და ამის მერე უშვებდნენ საარჩევნო უბანზე. 

მთავარ ტენდენციად, წინა არჩევნების მსგავსად, შეიძლება დასახელდეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის მანძილზე მმართველი პარტიის კოორდინატორების და აგიტატორების შეკრება და ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვის ხელშეშლა. 

ამომრჩევლებზე მსგავსი უკანონო ზეწოლის შემთხვევებზე და საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორების და აგიტატორების მობილიზაციის ფაქტებზე სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმაც გაამახვილეს ყურადღება. საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მსგავს შემთხვევებს „ლეგიტიმური საქმიანობა“ უწოდა და განაცხადა, რომ პირადად ის არის „ერთ-ერთი დავალების მიმცემი, როგორც აღმასრულებელი მდივანი“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა ქვემო ქართლში რამდენიმეგან დააფიქსირეს საარჩევნო კაბინაში შესული ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ფაქტები, როდესაც არაუფლებამოსილი პირები შედიოდნენ კაბინაში და კარნახობდნენ ამომრჩეველს, რომელი საარჩევნო სუბიექტისთვის მიეცა ხმა.  

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამაში გადასატანი ყუთის მთლიანობის დარღვევის გამო, დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და მოითხოვა გადასატან ყუთში არსებული ბიულეტენების ბათილობა. 

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობის 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა.

დამკვირვებლებმა დააფიქსირეს კაბინაში ორი ადამიანის შესვლის ფაქტებიც. რამდენიმე საარჩევნო უბანზე, ასევე, კაბინაში დატოვებული იყო გაურკვეველი სახის ფურცლები, რომლებიც დამკვირვებლის მითითების შემდეგ კომისიის წევრებმა გადაყარეს სანაგვე ურნაში.  

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში დამკვირვებლებმა დააფიქსირეს საარჩევნო უბნებზე არააკრედიტებული პირების ყოფნა, რომლებიც მისი მოთხოვნით, კომისიამ გააძევა უბნიდან. თუმცა, მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 50-ე უბანზე დაპირისპირება სწორედ არააკრედიტებულმა პირებმა წამოიწყეს და შექმნეს კონფლიქტური ვითარება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 26 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში მედიისთვის პროაქტიულად ავრცელებდა ინფორმაციას სხვადასხვა უბნებზე გამოვლენილი დარღვევების და ტენდენციების შესახებ. არჩევნების შემდეგ ცენტრი გამოაქვეყნებს ვრცელ ანგარიშს, რომელშიც უფრო დეტალურად იქნება წარმოდგენილი მონიტორინგის შედეგები.

სიახლეები
24.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი მიგნებები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით