სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის განცხადება

29.10.2024
ფონტის ზომა

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ჩვენი წარმომადგენლები აკვირდებოდნენ არჩევნებს, დაირღვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ფუნდამენტური პრინციპები. საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამ რეგიონში და შიდა ქართლის რეგიონში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ახლოს მდებარე სოფლებში განხორციელებული საარჩევნო მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა ამომრჩევლებზე საარჩევნო უბნების შიგნით და გარეთ სისტემური ზეწოლა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და ამომრჩეველთა მხრიდან თავისუფალი ნების გამოხატვაში ხელშეშლა.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობის 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა. კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნებული სისტემატურად ირღვეოდა იმ უბნებში სადაც ჩვენ ვაკვირდებოდით არჩევნებს და ამან შესაძლოა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე. 

ფართოდ იყო გავრცელებული არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბნების მიმდებარედ, რომლებიც ზოგჯერ მოქმედებდნენ როგორც ორგანიზატორები, გასცემდნენ დავალებებს, ტრანსპორტით მოჰყავდათ ამომრჩევლები, აძლევდნენ მითითებებს და ზოგჯერ იქცეოდნენ როგორც არაოფიციალური პირადი დაცვის თანამშრომლები, არღვევდნენ ხმის მიცემის ფარულობას და ხელს უშლიდნენ ამომრჩევლებს თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი არჩევანი. 

ბევრ შემთხვევაში, უბნების გარეთ მობილიზებული ადამიანები თანამშრომლობდნენ „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებთან ან საარჩევნო კომისიის წევრებთან უბნის შიგნით. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები მაგრამ არც ისინი და არც საუბნო კომისიის წევრები არ სთხოვდნენ არაუფლებამოსილ პირებს დაეტოვებინათ უბნის მიმდებარე ტერიტორია. 

ზოგადი ინფორმაცია 

ცენტრალური საარჩევნო კომისიამ (ცესკომ) ადამიანის უფლებათა ცენტრს და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტს მიანიჭა  26 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციის აკრედიტაცია. ორივე ორგანიზაციას აქვს ეუთოს რეგიონის ქვეყნებში არჩევნების დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება და საქართველოში არჩევნების დაკვირვების მიმართულებით თანამშრომლობენ 2008 წლიდან. არჩევნების დღეს, ადამიანის უფლებათა ცენტრს ჰყავდა 20 დამკვირვებელი, ხოლო ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტს - 4 დამკვირვებელი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გუნდი საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა ძირითადად რეგიონებში; უბნების ნაწილში ხმის მიცემა ახალი ელექტრონული სისტემით არ ჩატარებულა; აქ ამომრჩევლები ისევ ხელით გადიოდნენ რეგისტრაციას და ხმასაც ძველი სისტემით აძლევდნენ. არჩევნების დღეს, ჩვენ ვეწვიეთ სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებს ფოკაში, საგარეჯოს, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში; გორის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მდებარე ომით დაზარალებულ სოფლებს. 

განცხადებაში კენჭისყრის დღეს მომხდარი დარღვევები განხილულია წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან და შემაშფოთებელ ტენდენციებთან ერთობლიობაში. მმართველი პარტიის მხრიდან ადამინისტრაციული და ფინანსური რესურსების უკანონოდ გამოყენების ფაქტებმა, საარჩევნო კომისიების (მათ შორის - ცესკოს) შემადგენლობის და რეგულაციების ცვლილებამ, ოპოზიციური პარტიების  დისკრედიტაციამ და პოლარიზაციის გაღრმავებამ, მედიის, არასამთავრობო სექტორის, მათ შორის - სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მტრული გარემოს შექმნამ დიდი გავლენა მოახდინა მთლიან საარჩევნო პროცესზე, მათ შორის - კენჭისყრის დღეზე. 

არჩევნების დღის მონიტორინგის მიგნებები  

მარნეულის, საგარეჯოს, წალკისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნებზე ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის დამკრივებლებმა დააფიქსირეს ხმის მიცემისას კაბინაში ბიულეტენზე ფოტოების გადაღების რამდენიმე ფაქტი, რაც კანონით აკრძალულია. ცენტრის დამკვირვებლების მითითებით, გარდაბანში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩევლებს უკანონოდ გადაღებული ფოტოები წააშლევინა. მარნეულის საარჩევნო უბნებზე კი ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. მსგავსი ფაქტი მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 34-ე უბანზე. დამკვირვებლებმა დააფიქსირეს კაბინაში ორი ადამიანის შესვლის ფაქტებიც. კომისიის წევრები აკვირდებოდნენ კაბინაში ხმის მიცემის პროცესს, რაც არღვევდა ამომრჩევლის მხრიდან ხმის მიცემის ფარულობას. 

მარნეულში, 22-ე ოლქის, მე-12 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის დაშინების ფაქტს ჰქონდა ადგილი. საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა პირებმა მოქალაქეს არ მისცეს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და აგრესიული ქმედებით საარჩევნო უბანში შესვლა აუკრძალეს.  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში არსებულ საარჩევნო უბანში არაუფლებამოსილმა პირებმა შექმნეს ქაოსი უბნის შიგნით, რა დროსაც არ მიმდინარეობდა ამომრჩევლების ვერიფიკაცია და მარკირება კანონის მოთხოვნების შესაბამისად. როდესაც დამკვირვებლებმა კომისიის წევრებს მოსთხოვეს დარღვევების აღმოფხვრა, მათ დაემუქრნენ უბნიდან გაძევებით. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის დამკვირვებლებმა დაინახეს, რომ არაუფლებამოსილი პირი უბანზე შესვლამდე ამომრჩევლებს აძლევდა პატარა ფურცლის ნაგლეჯებს, სადაც ხელით იყო გაკეთებული ჩანაწერები. მსგავსი ქმედებით ისინი არღვევდნენ კანონს. 

საგარეჯოს სოფელ ლამბალოს 36-ე, 37-ე და 38-ე უბნები სკოლის შენობის სხვადასხვა მხარეს იყო გახსნილი. სკოლის ეზოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განსაკუთრებული აქტიურობა დაფიქსირდა. მათ ამომრჩევლების პირადობის მოწმობები ხშირ შემთხვევაში თვითონ ჰქონდათ შეგროვებული, ხოლო ამომრჩევლები მოჰყავდათ მანქანებით, გარეთ ელაპარაკებოდნენ, აძლევდნენ პირადობის მოწმობას და ამის მერე უშვებდნენ საარჩევნო უბანზე. 37-ე და 38-ე უბნებზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები საარჩევნო უბნის შიგნით აცილებდნენ ამომრჩევლებს და მითითებებს აძლევდნენ საარჩევნო კომისიის წევრებს.  

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარის 39-ე საარჩევნო უბანში შესვლამდე დამკვირვებლები გააჩერა და შეამოწმა არაუფლებამოსილმა პირმა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამაში, გადასატანი ყუთის მთლიანობის დარღვევის გამო, დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და მოითხოვა გადასატან ყუთში არსებული ბიულეტენების ბათილობა. მაშინ, როცა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების საარჩევნო უბნების წინ იდგნენ არაუფლებამოსილი პირები (ძირითადად - ჯგუფებად), მსგავსი მობილიზაცია არ შეიმჩნეოდა იმავე მუნიციპალიტეტის ქართველებით დასახლებულ სოფლებში, რაც მიუთითებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ მეტი ზეწოლის არსებობაზე. დამკვირვებლებმა მოისმინეს ცალკეული ისტორიები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ამომრჩევლების პირადობის მოწმობების და პასპორტების წინასწარ შეგროვების და ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულის გადახდის შესახებ, მაგრამ პირადად არ გამხდარან მსგავსი ფაქტების თვითმხილველი. 

26-ე საარჩევნო ოლქის, 38-ე საარჩევნო უბანზე სოფელ ამლევი-ორბეთში, „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი იქცეოდა როგორც კომისიის წევრი, კომისიის წევრების მაგიდაზე ხელით ეხებოდა საარჩევნო ბიულეტენებს და სხვა ნივთებს. ფოკას 41-ე საარჩევნო ოლქის 32-ე უბანზე არაუფლებამოსილმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა თარჯიმანს, რომელიც ეხმარებოდა ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის დამკვირვებელს. წალკის 25-ე საარჩევნო ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრი „ეხმარებოდა“ ამომრჩევლებს, ეპოვათ „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბიულეტენში. უბანზე დაბრუნებულ გადასატან ყუთში ბიულეტენებზე არ იყო ხელმოწერები; საარჩევნო კომისიის წევრებს შეეძლოთ დაენახათ, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა, როდესაც ისინი ელექტრონული ხმის მიცემის აპარატში ათავსებდნენ ბიულეტენს. ზოგი ამომრჩეველი ფოტოს უღებდა მონიშნულ საარჩევნო ბიულეტენს ვიდრე გამოვიდოდნენ კაბინიდან. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა ქვემო ქართლში რამდენიმე უბანზე დააფიქსირეს საარჩევნო კაბინაში შესული ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ფაქტები, როდესაც არაუფლებამოსილი პირები შედიოდნენ კაბინაში და კარნახობდნენ ამომრჩეველს, რომელი საარჩევნო სუბიექტისთვის მიეცათ ხმა.  

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობის 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ფართოდ იყო გავრცელებული არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბნების მიმდებარედ, რომლებიც ზოგჯერ მოქმედებდნენ როგორც ორგანიზატორები, გასცემდნენ დავალებებს, ტრანსპორტით მოჰყავდათ ამომრჩევლები, აძლევდნენ მითითებებს და ზოგჯერ იქცეოდნენ როგორც არაოფიციალური პირადი დაცვის თანამშრომლები, არღვევდნენ ხმის მიცემის ფარულობას და ხელს უშლიდნენ ამომრჩევლებს თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი არჩევანი. 

ბევრ შემთხვევაში, უბნების გარეთ მობილიზებული ადამიანები თანამშრომლობდნენ ქართული ოცნების დამკვირვებლებთან ან საარჩევნო კომისიის წევრებთან უბნის შიგნით. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები მაგრამ არც ისინი და არც საუბნო კომისიის წევრები არ სთხოვდნენ არაუფლებამოსილ პირებს დაეტოვებინათ უბნის მიმდებარე ტერიტორია. 

არჩევნების დღეს, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა დაწერეს 12 საჩივარი და 26 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.

საკონტაქტო პირები: 

თამარ თორდინავა: 599 87 78 10;

 ოგე ბორჩგრევინკი: +47 907 51 150


სიახლეები
Loading...