ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს 17 ნოემბერს სამართალდამცავების მიერ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას. შემაშფოთებელია, აქციის მონაწილეების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების შემთხვევების გამოვლენა.
26 ოქტომბერს ჩატარებულმა სადავო არჩევნებმა მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია, რაც უწყვეტი საპროტესტო აქციების მოწყობაში გამოიხატა. პროტესტის მონაწილეების თქმით, არჩევნები გაყალბებულია, ხოლო ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგები არ არის სანდო. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.
უწყვეტი აქციის მონაწილეებმა 17 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან
კარვები გაშალეს. თუმცა, უწყვეტი 48- საათიანი საპროტესტო აქცია 19 ნოემბერს პოლიციამ
ძალადობრივად დაარბია.
საქართველოს სახალხო დამცველის
შეფასებით, აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და შეკრების თავისუფლების სტანდარტებში ჯდებოდა მაშინ, როცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება. ამ დროს პოლიციის მხრიდან შესაძლოა გამოვლინდა არასათანადო მოპყრობისა თუ ძალის გადამეტების ფაქტები, მათ შორის, ჟურნალისტებთან მიმართებაშიც. საქართველოს სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად.
19 ნოემბერს, პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა დაშლის გაშუქებისას, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ძალადობა ეწინააღმდეგება პრესის თავისუფლებას და დემოკრატიულ პრინციპებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპერატორებსა და ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულების პროცესში თავს დაესხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს
"მთავარი არხის" ოპერატორი, რომელიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე
გაათავისუფლეს;
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "პუბლიკას" ჟურნალისტს; ხელი შეუშალეს
OC Media-ის და
Netgazeti-ის ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მოახდინოს სწრაფი და ეფექტური რეაგირება და უზრუნველყოს ქვეყანაში უსაფრთხო მედიაგარემოს არსებობა.
მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- არ დაუშვას დაკავებისა თუ სპეციალური საშუალებების გამოყენების ღონისძიებები მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს მიღმა.
- უზრუნველყოს აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.
მოვუწოდებთ საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
- ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი თითოეული შესაძლო დანაშაულის თაობაზე.
განცხადება მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. ამ მასალის შინაარსი ადამიანის უფლებათა ცენტრის პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.
განცხადების pdf ვერსია იხილეთ
აქ.