საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტებიდან ტერმინ „გენდერის“ სრულად ამოღებას და გენდერული საბჭოების გაუქმებას. აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ღირებულებებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ინიცირებული კანონპროექტი, ფაქტობრივად, სრულად აქრობს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე რეაგირების შესაძლებლობას და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოში თანასწორობის უფლების გარანტიებს.
გენდერის სამართლებრივი ენიდან ამოღება გამოიწვევს თანასწორობის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი სამართლებრივი დაცვის გარანტიების მოშლას, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ტერმინი „გენდერის“ გამოყენება უმნიშვნელოვანესია ინდივიდების გენდერული იდენტობის აღიარებისა და დაცვის თვალსაზრისით. საკანონმდებლო ცვლილებები გამოიწვევს უთანასწორობის გაღრმავებას გენდერული დისკრიმინაციის გაძლიერებას დასაქმების, განათლების და ჯანდაცვის, სოციალურ და სხვა სფეროებში.
საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის ქალთა უფლებების დაცვის არაერთ უნივერსალურ დოკუმენტთან, მათ შორის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (CEDAW) და სტამბოლის კონვენციებთან, რომელთა რატიფიცირებით საქართველოს სახელმწიფომ გენდერული თანასწორობის და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავებისა და დაცვის გარანტიების შექმნის ვალდებულება აიღო.
„კოალიცია თანასწორობისთვის“ მიიჩნევს, რომ ტერმინ „გენდერის“ საკანონმდებლო სივრციდან გაქრობა არის სახელმწიფოს უთანასწორობის პოლიტიკის ნაწილი, რაც არადემოკრატიულ, არასამართლებრივ, საზოგადოების განვითარების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას წარმოადგენს და მოიტანს მძიმე შედეგებს საქართველოში დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უფლების გარანტიებთან მიმართებით.
- Rights Georgia / უფლებები საქართველო
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
- ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR
- Women's Initiatives Supporting Group
- Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა