ვეხმაურებით “ქართული ოცნების” გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც დაყადაღდა რამდენიმე ორგანიზაციისა თუ ფონდის, მათ შორის, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშები.
საქალაქო სასამართლოს განჩინება აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ ჩაგვბარდა. ჩვენი შეფასებით, როგორც პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება, ისე ყადაღის დადების შესახებ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელი და უკანონოა. ეს არის ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის კიდევ ერთი მიზანმიმართული შეტევა უფლებადაცვით ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებზე, რაც აშკარად წარმოადგენს ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვის მცდელობას. უფლებადაცვითი ორგანიზაციის მხრიდან ჯარიმების გადახდას ჩვენ მივიჩნევთ სოლიდარობის გამოხატულებად. თანადგომა და ადამიანების სიღარიბისგან დაცვა არის ქართული კულტურის და ტრადიციის განუყოფელი ნაწილი.
მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გასაწევად და მათი ჯარიმების გადასახდელად თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა შემოწირულობების შეგროვება “რუსული კანონის” ინიცირების შემდეგ დაიწყო.
ჯარიმის დასაფარად პირი თავად ავსებს შესაბამის განაცხადს, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ვებგვერდზე.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ბენეფიციართან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე იხდის ადმინისტრაციულ ჯარიმას მხოლოდ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განჩინების არსებობის შემთხვევაში.
თანხა თბილისის ადამინის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშიდან პირდაპირ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ყველა სამართლებრივი მოთხოვნის დაცვით, მათ შორის, თითოეული ბენეფიციარის სახელზე ხდება საშემოსავლო გადასახადის გადახდა, სახელმწიფოს აქვს სრული წვდომა ორგანიზაციის ყველა ტრანზაქციასა და მიზნობრიობაზე.
საქართველოს კანონმდებლობით სხვა პირისთვის ჯარიმის გადახდა აკრძალული არ არის. შესაბამისად, უფლებადაცვითი ორგანიზაციის მხრიდან ეს ქმედება ბენეფიციარის მიმართ სოლიდარობის გამოხატულება და მისი უფლებების დაცვის საშუალებაა.
ადამიანის უფლებათა სახლს ამჟამად დაფარული აქვს 843, 747 ათასი ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა. 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე მივიღეთ 921,336.99 ლარის შემოწირულობა ასეულობით ფიზიკური პირისგან. მათ შორის ბოლო ორი თვის განმავლობაში მივიღეთ “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს ბანკების” შემოწირულობა – სულ 300,000 ლარი.
ამჟამად, განაცახადი ჯარიმების დაფარვის შესახებ გაკეთებული აქვს ასამდე პირს, რომლებსაც ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ემუქრებათ ქონების დაყადაღება.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი 2010 წელს ნორვეგიული ორგანიზაცია Human Rights House Foundation-ის მხარდაჭერით დააფუძნა ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის “უფლებები საქართველო” (იმ დროს “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”), “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “საფარი” და “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი” (GCRT). ორგანიზაცია არის ადამიანის უფლებათა სახლების საერთაშორისო ქსელის წევრი, ასევე, ევროკავშირის დროებითი რელოკაციის პლატფორმის (EUTRP) წევრი.
ორგანიზაციის წესდებით გაცხადებული მიზნებია უფლებადამცველების დაცვა და გაძლიერება, ასევე უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება. თბილისის სახლი ადამიანის უფლებათა სახლების ქსელთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ათწლეულზე მეტია, რაც ახორციელებს უფლებადამცველების დაცვის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც უფლებადამცველები იღებდნენ ფსიქო-სოციალურ, იურიდიულ თუ სხვა სახის სერვისებს.
ჩვენი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის შესაბამისია. ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ვიცავთ მათ უფლებებს, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებას. მივიჩნევთ, რომ საქართველოში მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობა ამჟამად ვერ უზრუნველყოფს ამ უფლებით სათანადოდ სარგებლობის შესაძლებლობას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პროცედურული ნაწილი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებს, ის შეიცავს ადამიანის უფლებებში არაპროპორციული ჩარევის საფრთხეს, ზრდის საპოლიციო თვითნებობისა და ადმინისტრაციული ჯარიმების უსაფუძვლოდ გამოყენების რისკებს. განსაკუთრებით, 2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებების შემდეგ. არაპროპორციული ადმინისტრაციული ჯარიმები მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციას შეუფასებია როგორც სახელმწიფოს მხრიდან ინდივიდის უფლებების დარღვევა. მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ოდირი) 6 მარტის მოსაზრებაში აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით აღებულ ვალდებულებებს და რომ „არაპროპორციული ჯარიმა თავისთავადაც საკმარისი შეიძლება იყოს მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევისთვის”.
ორგანიზაციის ანგარიშები, რომელიც საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღდა, აერთიანებდა როგორც დაჯარიმებული პირებისთვის შემოწირულობებით შეგროვებულ თანხებს, ასევე ორგანიზაციის დაგეგმილი სხვა უფლებადაცვითი საქმიანობისთვის საერთაშორისო დონორების მიერ ჩარიცხულ გრანტებს. შესაბამისად, ორგანიზაციის სერვისებს ვეღარ მიიღებენ ჩვენი სხვა ბენეფიციარებიც.
მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს:
პროკურატურას: სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება და მოხსნას ყადაღა ორგანიზაციის ანგარიშებიდან, რათა შევძლოთ უფლებადაცვითი საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება.
სააპელაციო სასამართლოს: განიხილოს და გააუქმოს საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება
- თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები:
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- მედიის ინსტიტუტი
- საფარი
- უფლებები საქართველო
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
წყარო:
hrht.ge/tbilisis-adamianis-uflebata-sakhlis-da-wevri-organizaciebis-ganckhadebaqartuli-ocnebis-generaluri-prokuraturis-mier-tbilisis-adamianis-uflebata-sakhlis-angarishebis-dayadaghebis-da-d/