18 აპრილი, 2025
ვეხმაურებით ივანიშვილის მაღალჩინოსნების – მათ შორის, არალეგიტიმური პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლების – განცხადებებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ეს განცხადებები აღმაშფოთებელია და ცხადყოფს: „ქართული ოცნება“ თავად აცნობიერებს, რომ მათი ქმედებებისა და პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ევროპულ მომავალს სერიოზული საფრთხე ექმნება. სწორედ ამიტომ ცდილობენ, ჯერ გაამართლებინონ საზოგადოებას ის, რასაც თავად ემსახურებიან – საქართველოს ევროპული პერსპექტივის ნგრევა გაამართლონ და გააუფასურონ.
იმ დროს, როდესაც ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ხალხის დაკვეთის შესაბამისად, წლებია იბრძვის საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის, კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის მისაღწევად, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აყენებს საფრთხის ქვეშ ამ მიღწევებს. მათთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა – თუნდაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმების ფასად.
მეორე მხრივ, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება და ქართველებისთვის ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა არა ქართველი ხალხის, არამედ რუსეთისა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესშია.
ჩვენი პოზიცია ნათელია – საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მიმართონ სანქციები არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების მიმართ, ვინც არაკონსტიტუციური კანონების მიღებას, რეპრესიებსა და საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი ჯგუფების დევნას ემსახურება. თუმცა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკითა და ანტიდასავლური პროპაგანდით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს, რითაც ქართველი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება. რეჟიმი ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობლობას პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით. მათ ზუსტად იციან უვიზო მიმოსვლის გაუქმების აღდგენას ბევრი წელი დაჭირდება.
დასავლელმა პარტნიორებმა უკვე გააუქმეს უვიზო რეჟიმი ოცნების მაღალი თანამდებობის პირებისთვის – მათ შორის, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის, ბევრს კი – პირდაპირ აუკრძალეს კონკრეტულ ქვეყნებში შესვლა. ახლა ივანიშვილის „ოცნებას“ იგივე ბედი სურს ქართველი ხალხისთვის.
ჩვენ, ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს არ მოხდეს. ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი! ეს არის საქართველოს მოქალაქეების რუსეთთან შეურიგებელი ბრძოლის, მრავალწლიანი უდიდესი შრომისა და დასავლური არჩევანის შედეგი – და არა იმ ხელისუფლების, რომელიც დღეს საქართველოს მომავლის წინააღმდეგ და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს.
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- ღია სივრცე კავკასია
- გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია- ეკო
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“
- პრევენცია პროგრესისთვის
- ყვარლის ევროკლუბი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდი.
- ევროპის ფონდი
- კანონის უზენაესობის ცენტრი
- სამართიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- საქართველოს რეფორმერების ასოციაცია (GRASS)
- შშმ პირთა ინტეგრაციისა და გავნითარების ასოციაცია „ჰანგი“
- სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
- დემოკრატიის მცველები
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
- საფარი
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი