სიახლეები

ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება 

01.10.2021
ფონტის ზომა
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს სამ რეგიონში - კახეთში, ქვემო ქართლსა და იმერეთში დააკვირდება. 

არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესზე დაკვირვებას ორგანიზაცია განახორციელებს როგორც სტატიკური დამკვირვებლების, ისე მობილური ჯგუფების მეშვეობით. მთელი დღის განმავლობაში ორგანიზაციის 51 წარმომადგენელი დააკვირდება არჩევნების სხვადასხვა ეტაპებსა და პროცედურებს: საარჩევნო უბნის გახსნას, კენჭისყრას, ხმის დათვლას, შემაჯამებელი ოქმების შევსებას და ა.შ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მთელი დღის განმავლობაში გაავრცელებს და მიაწოდებს მედიას ინფორმაციას სხვადასხვა უბნებზე სავარაუდო დარღვევების გამოვლინების ფაქტებზე. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი დღის განმავლობაში სამ ბრიფინგს გამართავს მედიაცენტრში, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა. 

კახეთსა და ქვემო ქართლში დაკვირვება, ძირითადად, განხორციელდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. არჩევნებამდე ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ შერჩეულ მონიტორებს ჩაუტარდათ ტრენინგი საარჩევნო მონიტორინგის საკითხებში. 

არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს და გაავრცელებს ანგარიშს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მონიტორინგის შედეგები.

პროექტი ასევე ითვალისწინებდა  წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას გრძელვადიანი დამკვირვებლების საშუალებით. დაკვირვებისას ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:  ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენება, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, ამომრჩევლებზე ზეწოლა, იძულება და მოსყიდვა, საარჩევნო სუბიექტების დაშინების, მუქარისა და ძალადობის შემთხვევები და სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა შემაჯამებელი ნიუსლეთერი, რომელშიც წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგისას გამოვლენილი ტენდენციები და მიგნებებია ასახული.  

ადამიანის უფლებათა ცენტრმა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH), ასევე, დღეს გაავრცელა საჯარო განაცხადება, სადაც შეფასებულია წინასაარჩევნო პერიოდის პოლიტიკური კონტექსტი, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები - სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სასამართლო პროცესების ჩათვლით, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები და უკანონო მოსმენების შემაშფოთებელი ფაქტები.  
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) წევრი ორგანიზაცია საქართველოდან. 

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდება „შავი ზღვის ნდობის ფონდი - რეგიონალური თანამშრომლობისთვის“ და „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

სიახლეები საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია, (FIDH)ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
სიახლეები