20:00 საათი
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის ბოლო საათებში რიგ საარჩევნო უბნებზე ვითარება დაიძაბა და დაფიქსირდა ინციდენტები, რითაც ჩრდილი მიადგა კენჭისყრის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვის პროცესს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან შეხვდათ წინააღმდეგობები საჩივრების დარეგისტრირების პროცესში. ამ დროისთვის ორგანიზაციის მონიტორები საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესს აკვირდებიან.
კენჭისყრის დასრულებისას იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრი მონიტორინგს ახორციელებს, დაფიქსირდა ისეთი სახის დარღვევები და ხარვეზები, როგორიც არსებით გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება ხმის დათვლის პროცესი. ასევე, მნიშვნელოვანია, კენჭისყრის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებსა და ინციდენტებზე საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მიიღონ კანონით განსაზღვრული ობიექტური გადაწყვეტილებები და გაატარონ მკაცრი ზომები საუბნო საარჩევნო კომისიების კანონდამრღვევი წევრების თუ თავმჯდომარეების მიმართ.
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი 51 კვალიფიციური დამკვირვებლით საქართველოს სამ რეგიონში დააკვირდა: 1. კახეთში - საგარეჯოს, ყვარლის, თელავის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში (ყარაჯალა, ჩანტლისყურე, თივი, სარუსო, კაბალი); 2. ქვემო ქართლში - გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში (ნახიდური, ტალავერი, სავანეთი, ჭაპალა, მამხვითი, ქვემო ართევანი, ქეშალო, ლამბალო, დუზაგრამა, საზათენდი, კალინინო, მარნეული, აზიზქენდი, საბირქენდი და ყიზილაჯლო); 3. იმერეთში ქუთაისის, ხონის, თერჯოლის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების სპეციფიკურ საარჩევნო უბნებზე, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს დარღვევებს არჩევნების მიმდინარეობისას.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა საარჩევნო უბნების დახურვამდე დაწერეს 17 საჩივარი და 27 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. 4 საჩივარი წარედგინა საოლქო საარჩევნო კომისიებს. რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვითარება დაიძაბა დღის მეორე ნახევარში და უბნების დახურვის წინ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნების მსგავსად, დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების დიდი ნაწილი გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით. კომისიის წევრების და თავმჯდომარეების მიერ დაშვებულ ტექნიკური ხასიათის შეცდომებსა თუ დარღვევებზე დამკვირვებელთა სამართლიანი შენიშვნები და საჩივრები ხშირად იწვევს მათ გაღიზიანებას და ამის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა, ზოგჯერ კი - კონფლიქტები.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობა მოითხოვა
მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ზეწოლას ახდენდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელზე - ეუბნებოდნენ, რომ პრეტენზია არაფერზე გამოეთქვა და არ დაეწერა საჩივრები. ცენტრის დამკვირვებელს კომისიის წევრები არ აძლევდნენ მობილური ტელეფონით ვიდეოს გადაღების საშუალებას და მას „თითების დამტვრევით“ ემუქრებოდნენ. დამკვირვებლის მიმართ აგრესია გამოხატა კომისიის თავმჯდომარემაც. მან დამკვირვებელს ხელი კრა და კედელს მიანარცხა. დამკვირვებელი იძულებული გახდა, დაერეკა მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის წარმომადგენლების საარჩევნო უბანზე მოსვლის შემდეგ სიტუაცია დროებით განიმუხტა, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ უბანზე კვლავ ქაოტური სიტუაცია გაგრძელდა.
ამ უბანზე დამკვირვებელმა დააფიქსირა რამდენიმე ამომრჩევლის მიერ ხმის ორჯერ მიცემის ფაქტი. ყუთთან მდგომი კომისიის წევრი მათ არ აძლევდა კონვერტის ყუთში მოთავსების საშუალებას იმ არგუმენტით, რომ ამ კონკრეტულ ამომრჩევლებს უკვე მიცემული ჰქონდათ ხმა სასურველი კანდიდატისთვის. ამის შემდეგ რამდენიმე პირმა ძალის გამოყენებით შეძლო კონვერტის ყუთში მოთავსება.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა #48-ს საარჩევნო უბნის ბათილობა მოითხოვა.
* * *
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად აქვს ადგილი უმეტესწილად მმართველის პარტიის - „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და აგიტატორების მობილიზებას და მათ მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვას. ისინი აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ნიშნავენ თავიანთ სიებში, ესაუბრებიან და ზოგჯერ ამ საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა. საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე მმართველი პარტიის წარმომადგენელი კოორდინატორებისა და აგიტატორების უკანონო ქმედებებზე არ ხორციელდება სათანადო მონიტორინგი, კონტროლი და რეაგირება სახელმწიფო უწყებების მხრიდან. მსგავსი ფაქტების აღკვეთაზე პასუხისმგებელი უწყება არის პოლიცია. პოლიციას კი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა, რომელთა უბნის უშუალო სიახლოვეს მიმდინარეობს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის ხელშემშლელი და ჯანსაღი საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი მოქმედებები. თუმცა, უმრავლეს შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები თავს იკავებენ პოლიციის მისამართით მსგავსი შეტყობინების გაკეთებისაგან და აცხადებენ, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება არ მიეკუთვნება მათ უფლებამოსილებას.
გაიყვანეთ!
გარდაბნის #21-ე საარჩევნო ოლქის #3-ე საარჩევნო უბნის ეზოს შესასვლელთან იდგა ქალი, რომელიც უბანზე შესულ ყველა ამომრჩეველს საკუთარ რვეულში აღრიცხავდა. უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა მას რამდენჯერმე მისცეს შენიშვნა ტერიტორიის დატოვების მოთხოვნით, მაგრამ - უშედეგოდ. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ცნობით, პიროვნება დაახლოებით 10:00 საათისთვის პოლიციელებმა გაიყვანეს უბნიდან, მაგრამ ის ისევ დაბრუნდა. ამის შემდეგ ცენტრის წარმომადგენელი იძულებული გახდა, ისევ გამოეძახებინა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. სამართალდამცავებმა ქალი კიდევ ერთხელ გაიყვანეს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან.
* * *
კენჭისყრის მიმდინარეობისას საარჩევნო უბნებზე იდენტიფიცირებული დარღვევების თაობაზე რეგისტრირებული საჩივრები ადამიანის უფლებათა ცენტრმა საოლქო საარჩევნო კომისიებს წარუდგინა. სამომავლოდ, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია სასამართლოსაც მიმართავს სარჩელებით, რათა არც ერთი დარღვევა არ დარჩეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე.
ადამიანის უფლებათა ცენტრი შემდეგი დღეების განმავლობაში და შემდეგ - მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში დეტალურად აღნუსხავს ყველა დარღვევას, რაზეც დაიწერა საჩივარი და შენიშვნები.
საჩივრების ნაწილის შინაარსი:
1. წყალტუბოს #58-ე საარჩევნო ოლქის #61-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი აღმოაჩინა, რის შესახებაც შეატყობინა დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე ადევნებს თვალყურს, რომ გარდაცვლილი პიროვნების სახელით სხვა მომხმარებელმა არ მისცეს ხმა.
2. საგარეჯოს #11-ე საარჩევნო ოლქის #50-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე ხელს უშლიდა საარჩევნო უბნის დამკვირვებლებს სადამკვირვებლო საქმიანობაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით უბანზე დაიწერა საჩივარი. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა საჩივარი საგარეჯოს #11-ე საარჩევნო ოლქში ჩააბარა.
3. მსგავსი ვითარებაა საგარეჯოს #11-ე საარჩევნო ოლქის #39-ე საარჩევნო უბანზე, სადაც კომისიის თავმჯდომარე უფრო მეტად აგრესიულია და ხელს უშლის დამკვირვებლებს საადმკვირვებლო საქმიანობაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა საჩივარი საგარეჯოს #11-ე საარჩევნო ოლქში ჩააბარა.
სავანეთის საარჩევნო უბანზე თავმჯდომარემ წესრიგი ვერ დაამყარა
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში, #23-ე საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე მუდმივი არეულობაა, რაც ხალხმრავლობითაც არის გამოწვეული. ხმის მიცემის პროცესი ხშირად ფერხდება და ჩნდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ეჭვის საფუძველი.
იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პარტიის სამკერდე ნიშნის მქონე წარმომადგენლები ცდილობდნენ, „დახმარება გაეწიათ“ ხმის მიცემის კაბინაში შესული ხანდაზმული ამომრჩევლებისთვის.
ამ საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა რამდენიმე დარღვევა დააფიქსირა. ამ უბანზე ორგანიზაციიდან - „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის“, იმყოფებოდა სამი წარმომადგენელი, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა რამდენჯერმე მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ორგანიზაციის ორი წარმომადგენლის უბნიდან გაშვების მოთხოვნით. თავდაპირველად, თავმჯდომარემ ორგანიზაციის ორ წარმომადგენელს უბანი დაატოვებინა, მაგრამ პერიოდულად „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის“ რამდენიმე წევრი მაინც შემოდიოდა საარჩევნო უბანზე და ამის მიზეზად უამინდობას ასახელებდნენ. მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჩანაწერთა წიგნში შენიშვნა შეიტანა, თავმჯდომარემ აღკვეთა ორგანიზაციის დამრღვევი წევრების უბანზე არაკანონიერად შესვლა.
ამავე საარჩევნო უბნის გარეთა პერიმეტრზე 09:30 საათისთვის იდგნენ ერთ-ერთი პარტიის (სავარაუდოდ - „ქართული ოცნების“) ე.წ. კოორდინატორები, რომლებსაც კვლევითი კომპანიის „ედისონ რისერჩის“ წარმომადგენლებთან მოუვიდათ დაპირისპირება. დაპირისპირება მალევე აღმოიფხვრა, თუმცა მათ პერიმეტრი არ დაუტოვებიათ და აქტიურად ცდილობდნენ ამომრჩევლის მობილიზებას საარჩევნო უბანზე. ამ კონკრეტული ამომრჩეველების ნომრებს თავიდანვე ეძებდნენ არჩევნების სიაში, რომელიც გარეთ იყო გამოკრული.
სიბნელე საარჩევნო უბანზე - გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით
მარნეულის #22-ე საარჩევნო ოლქის # 48-ე უბნის გახსნამდე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს კენჭისყრის კაბინები შემობრუნებული დახვდა. დამკვირვებელმა რამდენჯერმე მოითხოვა კაბინების დადგმა ისე, რომ ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობა არ დარღვეულიყო. კომისიის წევრები ბოლოს მიხვდნენ, როგორ უნდა დაედგათ კაბინები და უბნის გახსნამდე პრობლემა მოგვარდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის პრობლემაზე.
ამავე უბანზე იყო განათების პრობლემა, რის გამოც კომისიის მდივანს საქმიანობის დაწყება თავისი მობილური ტელეფონის განათების ფონზე მოუხდა.
კომისიის თავმჯდომარემ გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა დამკვირვებლის თხოვნა და დაამატა ნათურები საარჩევნო უბანზე.
* * *
ადამიანის უფლებათა ცენტრი მთელი დღის განმავლობაში აწვდის მედიას ინფორმაციას სხვადასხვა უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების ფაქტებისა და ტენდენციების შესახებ. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი დღის განმავლობაში 11:30, 16:30 და 22:00 საათზე სამ ბრიფინგს გამართავს მედიაცენტრში, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა. დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე, ქვეყნდება ორგანიზაციის ინტერნეტ-გაზეთში -
www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე - ფეისბუკგვერდზე -
https://www.facebook.com/humanrights.ge .
ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტები ასევე ითვალისწინებდა წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას გრძელვადიანი დამკვირვებლების საშუალებით. დაკვირვებისას ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე: ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენება, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, ამომრჩევლებზე ზეწოლა, იძულება და მოსყიდვა, საარჩევნო სუბიექტების დაშინების, მუქარისა და ძალადობის შემთხვევები და სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა 1 ოქტომბერს გამოაქვეყნა
შემაჯამებელი ნიუსლეთერი, რომელშიც წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგისას გამოვლენილი ტენდენციები და მიგნებებია ასახული.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH), ასევე, 1 ოქტომბერს გაავრცელა დოკუმენტი -
„სიახლეები საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ“, სადაც შეფასებულია წინასაარჩევნო პერიოდის პოლიტიკური კონტექსტი, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები - სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სასამართლო პროცესების ჩათვლით, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები და უკანონო მოსმენების შემაშფოთებელი ფაქტები. ადამიანის უფლებათა ცენტრი არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) წევრი ორგანიზაცია საქართველოდან.
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის პროექტებს ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის და შავი ზღვის ფონდი - რეგიონული თანამშრომლობისთვის მხარდაჭერით.
ადამიანის უფლებათა ცენტრი